საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის - თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრები მინისტრმა მოინახულა
10:24 | August 26 2015

მოჭიდავეთა ნაკრები მინისტრმა მოინახულა
სორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებს დუშეთში ესტუმრნენ.

ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დუშეთში, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე დღეა ვარჯიშობს. ეს გუნდისთვის ბოლო, მეოთხე შეკრებაა წლის მთავარი ტურნირის წინ. მსოფლიო ჩემპიონატი 7-15 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას ვეგასში გაიმართება.

სამინისტროს მესვეურებმა, ნაკრების მწვრთნელებმა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ სხვადასხვა საკითხებზეც ისაუბრეს.

“პირველ რიგში, მინდა წარმატება გისურვოთ მსოფლიო ჩემპიონატზე. გარდა იმისა, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა, ვიცით, რომ რიო დე ჟანეიროს საგაისო ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება. მე, როგორც თქვენი რიგითი გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ წარმატებით იასპარეზოთ და ლიცენზიები მოიპოვოთ. ასევე მინდა გადმოგცეთ პრემიერ-მინისტრის მოკითხვა – ბატონი ირაკლი ჩვენი სპორტის საქმის კურსშია, მუდმივად ინტერესდება სპორტსმენთა ამბებით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე ქვეყნის მთავრობის სახელით, წარმატებებს გისურვებთ”, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭიდავეებთან შეხვედრისას.

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რევაზ მინდორაშვილის თქმით, ბიჭები გეგმის მიხედვით ემზადებიან და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას იმედოვნებენ: “დუშეთში მოსამზადებელ პერიოდს ვასრულებთ – ორი დღეც და ეს შეკრება დამთავრდება. აქამდე სამი შეკრება გავიარეთ და მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ბიჭები კარგად არიან მომზადებულნი. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს – ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგად მოსამზადებლად”.

“შეკრებით კმაყოფილი ვარ. საბედნიეროდ, ბიჭები ყველანი ჯანმრთელად ვართ. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ვიმედოვნებ, ლას ვეგასიდან წარმატებით დავბრუნდებით”, - განაცხადა ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა მოჭიდავემ, ლონდონის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალისტმა ლადო ხინჩეგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მხარდამხარ დუშეთში სომეხი მოჭიდავეებიც ემზადებიან.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური