საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

4 ოქრო და გუნდური ჩემპიონობა - ბერძნულ-რომაული ნაკრების ტრიუმფი მსოფლიოს ჩემპიონატზე
11:24 | August 13 2015

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრაზილიაში ქალაქ სალვადორ დე ბაიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა გუშინ კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა.  გელა ბოლქვაძისა (74) და ნიკოლოზ კახელაშვილის (96) შემდეგ ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონები რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ფინალში ორივემ რუს მეტოქეს მოუგო. შეჯიბრების პირველ დღეს ვერცხლის მედალი ნუგზარ წურწუმიამ (50) მოიპოვა.

 

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 60 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა 53 ქულით, მესამეზე რუსეთი 47.

 

ზოიძემ მთელი ტურნირი განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარა,  მის ტრიუმფალურ გამოსვლას ერთი გარემოებაც ადასტურებს - ევროპის წლევანდელი პირველობის სამ მედალოსანს მოუგო: თურქი ჩემპიონი არსლან ცენგრიზი 11:2 დაამარცხა, უნგრელი ვერცხლის მედალოსანი ოტო ლოსონჟი - 8:0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მესამე პრიზიორ რუჰინ მიხაილოვს 3:2 აჯობა. არადა, სწორედ მიხაილოვთან წააგო ევროპის წლევანდელ პირველობაზე. თუმცა ზოიძემ პირველ წრეშიც ძლიერი მეტოქე დაამარცხა - ჭაბუკებში ფინელთა მსოფლიოს ჩემპიონი მატიას ლიპასტი 8:4 დაამარცხა, ფინალში კი რუს ახმედ კაიცუკოვს 11:2 მოუგო.

ბათუმელი ზოიძე ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, ახალგაზრდებში კი შარშან გადმოვიდა, თუმცა ადაპტაციაზე ბევრი დრო არ დაუკარგავს.

 

ქუთაისელ პატარიძეს ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ საჭიდაო სამყარომ ბრწყინვალე გამოსვლისთვის "ახალგაზრდა ლომი" უწოდა, რაც სრულად დაადასტურა ბრაზილიაში - ფინალში ამ ასაკში რუსთა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სერგეი სემენოვი 3:1 დაამარცხა. მანამ ქართველმა წმინდად დაამარცხა ევროპის წლევანდელი პირველობის მესამე პრიზიორები, თურქი ოსმან ილდირიმი (12:4) და ბელარუსი პაველ რუდაკოვი (8:0). მეოთხედფინალში ყაზახი ტალგატ ჟიენტაევი ბეჭებზე დააწვინა, ნახევარფინალში კი ამერიკელი სამუელ სტოლიც ასევე წმინდად დაამარცხა - 8:0.

ამ გამარჯვებით პატარიძემ დუბლი შეასრულა. ის წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან, სადაც შარშან ასევე დუბლი შეასრულა.

 

წუხელ ბრინჯაოს მედლისთვის გიორგი მელიამაც (84) იჭიდავა, მაგრამ ევროპის წლევანდელი პირველობის მსგავსად, დამარცხდა (შვედ ზაკარიას ბერგთან 4:13 წააგო) და მეხუთეზე დარჩა. უმედლოდ დარჩა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ირაკლი შავაძე (55)

 

13 და 14 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატში გოგოები იჭიდავებენ, 15-16 აგვისტო კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ეთმობათ.