საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილმა წელი მსოფლიო რეიტინგის ლიდერად დაასრულა
01:06 | December 03 2021

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2021  წლის სეზონის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. წონის top 3-ში ოთხი ქართველი მოხვდა.

 

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური  თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა 2021 წელი წონის ლიდერად დაასრულა. 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიის რეიტინგში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ირანელ ამირ ჰასეინ ზარეს და თურქ ტაჰა აკგულს აჯობა. 

 

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ წონის ლიდერებისთვის შესაბამისი ფინანსური ჯილდოებიც გამოწერა. პირველი ადგილისთვის 10 000 დოლარი, მეორეადგილოსანს 7 000, ხოლო მესამეადგილოსანს - 3 000 დოლარი ერგება.

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზეა. ამბროლაურელი ფალავანი, რომელმაც წლეულს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მხოლოდ ამერიკელ  ჯორდან ბაროუზს ჩამორჩება.

 

ბერძნულ-რომაული სტილით  ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და უფროსებში მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლერი აბულაძე, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ნომერია.

 

130 კილოგრამში, ასევე, მეორე პოზიციას იკავებს იაკობ ქაჯაია, რომელმაც 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. წყალტუბოელმა მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონატიც ვერცხლით ჩაამთავრა. მსოფლიოზე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.