
საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა ოსლოში გამართულ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ამჯერად ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა, იქ იგებდა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონობა ვერ მოახერხა.
პეტრიაშვილმა ასპარეზობა მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტურთან ძალიან იოლად 11:1 მოიგო, მეოთხედფინალში კი ავსტრიელ იოჰანეს ლუდეშერთან 5:0 იმარჯვა და ნახევარფინალში ყაზახ ოლეგ ბოლტინს დაუპირისპირდა, რომელსაც 10:0 მოუგო და ფინალში ასე გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს გაეჯიბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში დაამარცხა. თუმცა, ამჯერად ირანელი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) და ნიკა კენჭაძემ (79 კგ) მოუტანეს. კენჭაძემ მედლისთვის სომეხი არმან ავაგიანი იოლად, 10:0 დაამარცხა და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა ხოლო იაკობიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ტურალ ბაირამოვი მძიმე ბრძოლაში, 4:3 დაამარცხა.
გიორგ იანტბელიძის ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.






