საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 4 მედალი, შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია.
11:10 | May 28 2021

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  ევროპის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა (72 კგ), ვერცხლის მედალს მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია (130 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები ლერი აბულაძემ (63 კგ) და აივენგო რიკაძემ (82 კგ) მოიპოვეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში ვლადიმერ გეგეშიძის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

შმაგის მეტოქე ფინალში სომეხი მოჭიდავე მალხას ამოიანი იყო, რომელსაც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე 4:1 აჯობა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. ბოლქვაძეს მანამდე კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი-ბრინჯაოც მოპოვებული ჰქონდა და მედლების კომპლექტი შეკრა.

ბოლქვაძემ (72 კგ) ფინალურ ბრძოლამდე შვედი დანიელ მატიას სოინი 4:0 და რუსი ჩინგიზ ლაბაზანოვი 2:0 დაამარცხა, შედეგად ნახევარფინალში გავიდა. შმაგიმ იქ უნგრელ რობერტ ატილა ფრიტშს 3:1 მოუგო და ამ გზის წყალობით ევროპის ჩემპიონი გახდა.

130 კგ იაკობ ქაჯაიამ ასპარეზობა ჩეხი შტეფან დავიდის წინააღმდეგ დაიწყო და 9:0 სძლია, რასაც რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურთან გამარჯვება მოჰყვა (3:1). ქაჯაიამ ნახევარფინალში ლიეტუველ რომას ფრიდრიკასთან ძალიან იოლად 9:0 მოიგო, ფინალში კი თურქ რიზა კაიას ოქროს მედლისთვის გაეჯიბრა, მაგრამ სამწუხაროდ 1:3 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ ჯერ თურქ აბდურაჰმან ალტანს 4:2 აჯობა, მეოთხედფინალში კი გერმანელი ანდრეი გინჩი 9:0 ადვილად დაამარცხა და ნახევარფინალს უწია. აბულაძემ იქ ვერაფერი გააწყო და რუს ჟამბოლატ ლოკიაევთან 5:9 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის ლერიმ რუმინელი მიჰაი რადუ მიჰუტი ძალიან ადვილად 9:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

82 კგ რიკაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომეხი მოჭიდავე კარაპეტ ჩალიანი დაჯაბნა. ქართველმა 3:2 მოიგო და მედალს დაეუფლა. აივენგომ მანამდე უნგრელი ლაშლო შაბო 3:2 და აზერბაიჯანელი ტუნჯაი ვაზირზადე 5:2 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს ადლან აკიევთან წააგო (1:6).