საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ნაკრების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
10:04 | May 28 2021

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი სანდრო ამინაშვილი (86 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები ბექა ლომთაძემ (61 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოიპოვეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

 

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა თავდაპირველად იტალიელ სიმონე იანატონის 11:0 აჯობა, მერე პოლონელი სებასტიან იეზიერჟანსკი 5:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ბელარუს ალი შაბანაუს 3:2 აჯობა და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც ხვალ რუს არტურ ნაიფონოვს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:8 წააგო, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ასპარეზობა ბელარუს ჯიმჩიკ რინჩინაუსთან ადვილი გამარჯვებით (12:0) დაწყო, რასაც მოლდოველ ლეომიდ კოლესნიჩთან გამარჯვება მოჰყვა (14:8). ნახევარფინალში ბექა უკრაინელ ანდრეი ჟელეპთან მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი 9:7 დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

 

79 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ნიკა კენჭაძემ გუშინ დაიწყო და ნახევარფინალამდე უკრაინელი ვალენტინ ბაბი (10:5) და რუსი მალიკ შავაევი (4:3) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სლოვაკ ახსარბეკ გულაევთან 4:5 დამარცხდა და დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. ნიკამ სომეხი არმან ავაღიანი 47 წამში აშკარა უპირატესობით 10:0 დაამარცხა და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუტანა.

 

97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძემ ასპარეზობა მოლდოველ რადუ ლეფტერთან (10:0) გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ბელარუსი ალიაკსანდრ ჰუშტინი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, თუმცა კენჭაძის მსგავსად ფინალში გასვლა ვერ შეძლო, რადგან თურქ სულეიმან კარადენიზთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი შამილ ზუბაიროვი 5:0 დაამარცხა.

 

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა იასპარეზა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს პირველივე წრეში, საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავარ კონკურენტ, თურქ ტაჰა აკგულთან მოუწია დაპირისპირება და 1:6 დამარცხდა. თუმცა, თურქი მოჭიდავე ფინალში გავიდა და გენომ რეპეშაჟში ბრძოლის შანსი მიიღო, სადაც პირველი შეხვედრა პოლონელ კამილ ტომაშ კოშჩიოლეკს მარტივად აჯობა (9:0), ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ბელარუსი ძიანის ხრამიანკუ 12:9 დაამარცხა და შედეგად, ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა.