საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია, თავისუფალი სტილით ნაკრების 4 მედალი რომიდან
03:37 | March 08 2020

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, 14-16 თებერვალს, რომის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა, 2 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა


ევროპირველობა ტრიუმფით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა, ვერცხლს დასჯერდა ბექა ლომთაძე, ბრინჯაოები კი ელიზბარ ოდიკაძეს და ავთო კენჭაძეს ერგოთ.


გენომ ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე ბრძოლა ისე მოიგო, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნია. ფინალში ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა პოლონელ რობერტ ბარანს მარტივად პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11:0 აჯობა. ფინალამდე პეტრიაშვილმა ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი (11:0), რუსი ბალდან ციჟიპოვი (11:0) და უკრაინელი ალექსანდრ ხოციანივსკი (7:2) დაამარცხა. ქართველი მძიმეწონოსანი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

 

61 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ბექა ლომთაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ძალზე დასანანი მარცხი განიცადა რუს ალექსანდრ ბოგომოევთან - 2:3. თავიდან რუსი უპირატესობას ფლობდა და 3:0 დაწინაურდა, ხოლო შემდეგ ლომთაძემ იაქტიურა, ორი ქულაც მოიპოვა და ბოლოს შეტევაზე მწვავედ გადავიდა, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ ეყო და მარცხი განიცადა. ბექამ ფინალამდე რუმინელი ნიკოლა ოხლოპკო (10:0), მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი (10:0) და აზერბაიჯენლი ინტიგამ ვალიზადა (2:1) დაამარცხა. ქუთაისელი ფალავანისთვის ეს ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული მეოთხე ვერცხლის მედალია.

 

74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფალავანმა რომში თავდაპირველად სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 9:2 დაამარცხა, შემდეგ კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვთან თავად დამარცხდა 2:9 და ვინაიდან რუსი ფინალში გავიდა, ჩვენებური რეპეშაჟში გაიყოლა. დამამშვიდებელ წრეში ავთანდილმა ესპანელ ჯონათან ალვარეს დიასს 10:0 სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის კენჭაძემ ბულგარელ მიროსლავ კიროვს აშკარა უპირატესობით 8:0 მოიგო.'

 

97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ჩვენებურმა საწყისი ორი შეხვედრა სომეხ სარგის ჰოვეპიანსა (5:0) და ბელარუს დზიანის ხრამიანკოუს (6:3) მოუგო, ხოლო ნახევარფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევთან მარცხი (0:6) განიცადა. ოდიკაძემ ბრინჯაოს მედისთვის აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი 3:2 დაამარცხა და მეექვსედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 

 

გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა  95 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიცია დაიკავეს გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი რუსეთს ერგო, მეორე კი – აზერბაიჯანს.