საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები არიან
03:23 | November 10 2019

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა ნურსულთანის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ამასთანავე 2 ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა.

 

მსოფლიოს ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს ირაკლი მწითური (92 კგ) დაეუფლა.


მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა უკვე ზედიზედ მესამედ იზეიმა პლანეტის ჩემპიონობა, ფინალში თურქი ტაჰა აკგული უდრამატულეს ბრძოლაში დაამარცხა და საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა და ტოკიო 2020-ის ლიცენზიასაც დაეუფლა.

 

შეხვედრა მართლაც თვალსასეირო და დრამატული გამოდგა. აკგულმა უპირატესობა მოიპოვა და 4:0 დაწინაურდა, მეორე პერიოდში კი, გენომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, თურქმა იქვე, მოახერხა ორქულიანი ილეთით უპირატესობის დაბრუნება და ამ დროს შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ და მხოლოდ 39 წამი რჩებოდა.მიუხედავად მწირი დროისა, ქართველმა ფალავანმა შეძლო უძლიერესი მეტოქის დამარცხება და დარჩენილ დროში ორი ქულა აართვა, რაც ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის საკმარისი იყო!

 

ვთქვათ, რომ ფინალამდე პეტრიაშვილმა გზა ერთი ამოსუნქთვით განვლო - კოსოვოელი ეგზონ შალა (13:2), სირიელი ბაჯა ხუტაბა (14:4) და უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი 6:2 დაამარცხა.

 

იქამდე საქართველოს პირველი მედალი ირაკლი მწითურმა მოუტანა, რომელიც ბრინჯაოს მედალს შესწვდა. ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახი ნურგალი ნურგაიპულის ძალზე დაძაბულ შეხვედრაში 2:1 აჯობა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. მწითურმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და უნგრელი ბენდეგუზ ტოტი ადვილად, 8:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ჩვენებურმა იაპონელ ტაკუმა ოცუს ასევე მშრალად, 5:0 სძლია, თუმცა ნახევარფინალში ამერიკელ მაიკლ კოქსთან ვერაფერი გაახერხა (0:3).

 

მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს ბექა ლომთაძემ (61 კგ) მოუტანა, ბექა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს შეხვდა და შესანიშნავ სტილში 6:1 დაჯაბნა. პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა იყო და რუსმა უპირატესობა გაფრთხილების ხარჯზე მოიპოვა. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, მეტოქეს 6 ქულა წაართვა და ოქროს მედალს დაეუფლა. ამრიგად, ლომთაძეს, რომელიც აქამდე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალს ფლობდა, ახლა უკვე ოქროს მედალიც აქვს აქტივში.

 

აქვე გეტყვით, რომ ლომთაძემ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა მოლდოველ მიჰაი ესანუს აშკარა უპირატესობით, 10:0 მოუგო. მეოთხედფინალში ჩვენებურმა ამერიკელ ტაილერ ლი გრაფს 3:1 აჯობა, ხოლო ნახევარფინალურ სტადიაზე ინდოელი რაჰულ ბალაშაჰებ ავარე დაამარცხა (10:6).


შეჯიბრის უკანასკნელ დღეს, ბოლო მედლის მოპოვების შანსი 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძეს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ ფრედერიკ სნაიდერთან დათმო - 0:5. საბოლოო ჯამში ელიზბარმა საქართველოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა