საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნუგზარ წურწუმია და ლაშას გობაძე მსოფლიოს ჩემპიონები არიან - ბერძნულ-რომაული ნაკრების ტრიუმფი ყაზახეთში
01:49 | October 07 2019

საქართველოს 12-წლიანი პაუზის შემდეგ ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები ჰყავს! ყაზახეთის დედაქალაქ ნურუსლთანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ბრინჯაოს მედალი, 2 ოლიმპიური ლიცენზია და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

 

მსოფლიოს ჩემპიონები ხობელი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და აჭარელი ლაშა გობაძე (82 კგ) გახდნენ.

 

წურწუმიამ (55 კგ) ფინალში დიდებულად იასპარეზა და მასპინძელი ხორლან ჟაკანშა ფანტასტიკურ სტილში დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა დიდებულად დაიწყო და თავიდანვე 4-ქულიანი გდება შეასრულა, აქტიურობა განაგრძო და ერთ წუთში აშკარა უპირატესობით 9:0 იმარჯვა. წურწუმიამ ჟაკანშა ცალსახად დაჯაბნა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ამრიგად, 2007 წლის შემდეგ, როდესა რამაზ ნოზაძე გახდა პლანეტის ჩემპიონი, საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს და ეს საქართველოს ისტორიაში მე-14 მსოფლიო ჩემპიონია (ხსენებულ სახეობაში).

 

ფინალამდე წურწუმიამ სამი მეტოქე დაამარცხა. მერვედფინალში ჩინელ ლიგუო ცაოს 9:0 აჯობა, შემდეგ რუსი ვიტალი კაბალოევიც არ დაინდო (8:3), ხოლო ნახევარფინალში იაპონელ შოთა ოგავასთან ვადაზე ადრე, აშკარა უპირატესობით (8:0) იმარჯვა. 

 


ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპინატი დიდებულად დაიწყო საქართველოს დელეგაციისთვის. პირველ საფინალო დღეს მეორე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 82 კგ წონით კატეგორიაში  ლაშა გობაძემ მოიპოვა!

 

გობაძემ ფინალში აზერბაიჯანელ რაფიქ ჰუსეინოვს 5:3 აჯობა. ლაშამ უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, როდესაც 5:0 დაწინაურდა და მართალია, მეორე პერიოდში სამი ქულა მიიღო, მაგრამ შეხვედრა გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა.

 


აქვე შეგახსენებთ გობაძის განვლილ გზას მსოფლიო ჩემპიონატზე - ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს უპრობლემოდ აჯობა (7:0), მეოთხედფინალში კიდევ უფრო ადვილად ჩინელი ჰაიტაი ქიანს სძლია (9:0), ხოლო ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში უზბეკი ნურბეკ ხაშიმბეკოვი დაამარცხა (3:1).

 

130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ შესანიშნავად იასპარეზა და ბრინჯაოს მედალთან ერთად ტოკიო 2020-ის ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა მძიმეწონოსანმა გერმანელ ედუარდ პოპს 5:0 აჯობა. ქართველი ფალავანი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და გამარჯვება არ გასჭირვებია. ქაჯაიამ პირველ წრეში ნორვეგიელი ოსკარ მარვიკი 5:1 დაამარცხა, მერვედფინალში რუმინელ ალინ ალექსუს ჩიურარიუს 9:0 აჯობა, მეოთხედფინალში კი თურქ რიზა ქაიასთან 1:5 დამარცხდა. შედეგად, რეპეშაჟში გადაინაცვლა,სადაც თავდაპირველ ეტაპზე ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდესს 2:1 აჯობა და მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიიღო.

 


საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებს კი პირველი ოლიმპიური ოლიმპიური ლიცენზია გიორგი მელიამ (97 კგ) მოუტანა,  მელიას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც ჰქონდა, თუმცა, მესამე ადგილისთვის მატჩი თურქ ჯენქ ილდემთან 1:4 დათმო.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ბექა როყვას გუნდმა, 79 ქულა დააგროვა, რითიც საუკეთესო მესამე ადგილი დააფიქსირა. უზბეკეთმა საქართველოს მხოლოდ 1 ქულით გადაუსწრო. პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში რუსეთს ერგო.