საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ლაშა გობაძე და იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცე-ჩემპიონები, ლევან ქავჟარაძე ბრინჯაოს პრიზიორი.
11:54 | April 18 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები წევრებმა ლაშა გობაძემ (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლევან ქავჟარაძე (63 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


12-14 აპრილს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა გამოსვლა.

 

გობაძემ ფინალური შეხვედრა დანიის სახელით მოასპარეზე რაიბეკ ბისულთანოვთან ჩაატარა და 3:4 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ლაშა შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც მოლდოველ მიჰაილ ბრადუს 5:4 სძლია, მეოთხედფინალში რუს ალეკსანდრ კომაროვს 5:0 მოუგო, ნახევარფინალში კი, ფინელ ვილი როპონენს ჩინებული ხუთქულიანი გდებები გაუკეთა და მეტოქე წამებში 11:0 გაანადგურა.

 

გადამწყვეტ შერკინებაში ქართველი მძიმეწონისანი იაკობ ქაჯაია მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს, ევროპის პირველობის 8-გზის გამარჯვებულსა და ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი რიზა კაიაალპის (თურქეთი) გაეჯიბრა და 0:3 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ იაკობმა მერვედფინალში ფინელი ჰეიკი ლაჰტი 9:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით პოლონელ ანჯეი კრაიევსკის აჯობა, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ სერგეი სემიონოვს (რუსეთი) 3:2 მოუგო.


კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შერკინებაში პოლონელ მიხალ ტრაჩს 5:2 სძლია. მანამდე, ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში უნგრელი ბენჩე კოვაჩი 10:0 გაანადგურა, ნახევარფინალში კი მომავალ გამარჯვებულ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, რუს სტეპან მარინიანთან 3:11 წააგო.

 

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა საჩინო დავითაიას (67 კგ.), რომელმაც რუსების ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ არტიომ სურკოვს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შეხვედრა მხოლოდ ბოლო გაფრთხილების ხარჯზე დათმო – 1:2.

 

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 71 ქულა მოაგროვა და რუსეთის (192), თურქეთის (132), აზერბაიჯანისა (76) და გერმანიის (72) შემდეგ, მე-5 ადგილი დაიკავა.