საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

“თავისუფლებმა” ევროპირველობა 6 მედლით დაასრულეს
11:20 | March 15 2019

6 მედლით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23 წლამდე ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. 

 

ქართველებმა 10 წონითი კატეგორიიდან 6-ში მოიპოვეს მედალი. ტურნირის დასკვნით დღეს ზაურ ბერაძე 86 კილოში ბრინჯაოს დაეუფლა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ბელარუს პაჰასიანს 4-2 მოუგო. კიდევ ერთი ბრინჯაო გიორგი სულავას ანგარიშზეა. 74 კილოგრამში მოასპარეზე ფალავანმა ბოლო შეხვედრაში თურქი ფაზლი ერილმაზი დაამარცხა. 

 

ქართველმა მოჭიდავეებმა შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს 4 მედალი მოიპოვეს. ევროპის ვიცე-ჩემპიონი 65 კილოგრამში ედემი ბოლქვაძე გახდა. 

 

57 კილოგრამში ბრინჯაოს მედალს რობერტ დინგაშვილი დაეუფლა. მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ბოლო წამებზე შეძლო ბულგარელი საინ ნაიმის დამარცხება. 27 წამში მოუგო ტატო გაფრინდაშვილმა ბელარუს ვლადისლავ იელისეიეუს და 79 კილოში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

გივი მაჭარაშვილმა 97 კილოგრამში პირველივე წუთზე აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო სერბ ალექსანდრ პანტელიჩს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპირველობაზე 5 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

 

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 109 ქულა მოაგროვა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა უკრაინას, პირველობა დამაჯერებლად იზეიმა რუსეთმა (209), მეორეზე კი თურქეთი (132) გავიდა.