საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფედერაციად დასახელდა!
01:45 | December 31 2018

გილოცავთ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფედერაციად დასახელდა!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წლის შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიება 26 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები კიდევ არაერთხელ ავიდნენ სცენაზე.

 

2018 წელს ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.

 

განსაკუთრებული საერთაშორისო აღიარებისთვის დაწესებული პრიზი გადაეცა 23-წლამდელ ბერძენ-რომაელთა შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ზვიად პატარიძეს.

 

მოჭიდავეები სხვა ნომინაციებშიც საკმაოდ იყვნენ წარმოდგენილები. 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ჯილდოს ნომინანტებს შორის იყვნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ნუგზარ წურწუმია და გიორგი ჩხიკვაძე.

 

წლის მწვრთნელის ნომინაციაში სამინისტრომ ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი იანტბელიძე დაასახელა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი კი უმთავრესი ნომინაციის - 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის ნომინანტი იყო, მაგრამ საბოლოო არჩევანი ძალოსან ლაშა ტალახაძეზე შეაჩერეს.

 

თუმცა... ტალახაძის დაჯილდოვებამდე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი ბატიაშვილმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად სწორედ პეტრიაშვილი გამოაცხადა. მიზეზთა გამო, შარშან სამინისტროს წლის შემაჯამებელი ღონისძიება არ ჩაუტარებია და გენო პეტრიაშვილი ერთი წლის დაგვიანებით გამოარჩია