საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭიდაობის ფედერაციამ 2018 წლის შედეგები შეაჯამა
01:02 | December 22 2018

რესტორან ,,სტარომესტკაში" გაიმართა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

 

2018 წლის ანგარიში წარმოადგინა ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სეოკ-ის პრეზიდენტის მჩეველი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი, მწვრთნელები, სპორტსმენები და მედიის წარმომადგენლები.

 

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ევროპის ჩემიონატზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 6-6 მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთ ევროპირველობაზე 12 მედალი საქართველოს აქამდე არასდროს აუღია.

 

მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლა იყო სარეკორდო- გიორგი იანტბელიძის გუნდის ოთხი წევრი ავიდა კვარცხლბეკზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავია გენო პეტრიაშვილის მიღწევა - ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

 

საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა სეზონის განმავლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოაგროვეს მედლების რეკორდული რაოდენობა-48 მედალი.

 

23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა სულ 9 მედალი მოიპოვეს. აქედან 6 ოქროსი. ამასთან 23 -წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალმა-მეორე.

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე ასაკობრივ პირველობებზე მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

 

საქართველოს ჰყავს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის-ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე. ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ჭიდაობაში სამი მონაწილედან სამივე ფინალში გავიდა.

 

ქვიშის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ოქტომბერში თურქეთში გაიმართა, 6 ქართველიდან 5-მა მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ კონსტანტინე ხაბალაშვილი და იაკობ მაქარაშვილი.