საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

UWW-მ პატარიძე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელ
05:55 | December 18 2018

ქუთაისელი მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდად ცნო 23-წლამდელთა შორის.

 

მოგეხსენებათ, ჩვენებური ამ ასაკში წლეულს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ასაკობრივ ნაკრებებში მისი მეექვსე ტიტულია: 2-ჯერ ჭაბუკებში გახდა პლანეტის უძლიერესი და 3-ჯერ - 20-წლამდელებში. მსოფლიოს ფედერაციამაც ამ წარმატებებისთვის გამოარჩია.

 

ამავე ასაკის გოგოებში ანალოგიური აღიარება იაპონელ იუკაკო კავაის (62) ერგო, ვინც ასევე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 23-წლიანებში, ხოლო უფროსებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის უფროსებში მსოფლიოს სამგზის და ოლიმპურ ჩემპიონ რისაკო კავაის უმცროსი დაა.

 

20-წლამდელებში საუკეთესოებად რუსები გამოარჩიეს - ასევე ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ალექსანდრ კომაროვი (82) და ხანუმ ვალიევა (68). ვალიევა წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 20-წლამდელებში, ხოლო 23-იანებში მსოფლიოზე მესამე იყო. კომაროვმა 20-წლიანებში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და მსოფლიოსაიც, ხოლო უფროსებში "ჰარაპანდას თასზე" გაიმარჯვა ფინეთში.

 

ჭაბუკებში საუკეთესოებად აზერბაიჯანელი ამირჰასან ამირლი (48) და იაპონელი იუკა კაგამი (73) გამოარჩიეს. ამირლი ნომინანტთა შორის ერთადერთი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, მის წლევანდელ ანგარიშზე კი მსოფლიოს ოქრო და ევროპის ბრინჯაოა. კაგამი აზიისა და მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებულია, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში კი ბრინჯაო მოიპოვა.