საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილი "ალანების" საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
05:47 | December 18 2018

ვლადიკავკაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - „ალანები“ მძიმე წონითი კატეგორიის ფინალით დაგვირგვინდა და უძლიერესის ტიტული მთავარმა ფავორიტმა - გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი ფინალში ირანელ ჯაბელ სადეზადეხს დაუპირისპირდა და 10:1 მოუგო.

 

ფინალის გზაზე პეტრიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: რუსები ოსტაპ პასენოკი (5:0) და ვიტალი გოგლოევი (12:4) და ამერიკელი რობერტ ნელსონი (10:0).
გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების წევრთაგან „ალანებზე“ ფინალში ბექა ლომთაძემ (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძემაც (74 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ორივე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 

ლომთაძე შეხვედრის მიწურულს გაშვებული ილეთით დამარცხდა (3:4) რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან ფერზალიევთან. საფინალო გზაზე კი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა, ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და რუსეთის ჩემპიონ მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში რევანში აურო ალექსანდრ ბოგომოევს ვისაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა.

 

მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთო კენჭაძემ (74 კგ) ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა. აჰმედ შოკუმოვს 4-1, კახაბერ ხუბეჟთის 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევის 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი კენჭაძემ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო, ფინალში კენჭაძემ ასევე რუს ტიმურ ბიჟოევთან წააგო (1:2). აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, ქართველი მოჭიდავეების წარუმატებლობაში მნიშვნელოვანი როლი მსაჯების მიერ მიღებულმა საკამათო გადაწყვეტილებებმა შეასრულა.

 

ტურნირის დასრულების შემდეგ, გენო პეტრიაშვილი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე შეჯიბრების ორგანიზატორებმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვევს.

 

UWW-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, აღსანიშნავია რომ რუსი სპორტსმენებისათვის ეს ტურნირი მთავარი შესარჩევი ეტაპი იყო 2019 წელს კრასნოიარსკში გასამართი "ივან იარიგინის" სახელობის სარეიტინგო გრან-პრისათვის რომელიც მსოფლიო რეიტინგში ქულებს იძლევა.