საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე - მსოფლიოს ჩემპიონები U23
06:06 | November 14 2018

ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გათამაშდა მედლები და ორ წონაში ოქროს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ.

 

55 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნუგზარ წურწუმია ავიდა, ხოლო 130 კილოგრამში – ზვიად პატარიძე. ფინალის საგზური ორივემ გუშინ მოიპოვა. დღეს კი საჩემპიონო შეხვედრებში იმარჯვეს.

 

ნუგზარ წურწუმიამ ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ვიტალი კაბალოევი 3:2 დაამარცხა. ზვიად პატარიძემ კი თურქ ოსმან ილდირიმს ხუთქულიანი ჩამორჩენა შეუტრიალა – 6:5.

 

წურწუმიამ საფინალო გზიდან სომეხი ნორაირ აკობიანი (3:2) და ბულგარელი ნედიალკო პეტროვი (4:1) ჩამოიცილა, ფინალის საგზურისთვის კი ყირგიზ ბალბაი დორდოკოვს გაეჯიბრა და 2:1 სძლია. 


პატარიძემ მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, შესაბამისად, ირანელ ჰოსეინ იუსუფიაჰმადჩალისა (4:1) და რუს ნოხჩო ლაბაზანოვს (5:1) აჯობა, ნახევარფინალში კი ფინელ კონსტა მაეენპაეაეს სულ რაღაც წუთში 8:0 სძლია.