საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნუგზარ წურწუმია და რობერტ კობლიაშვილი - მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები
05:46 | November 14 2018

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ნუგზარ წურწუმიას (55 კგ) და რობერტ კობლიაშვილს (87 კგ) ანგარიშზეა.

 

ბექა როყვას გაწვრთნილი გუნდის უმსუბუქესი წევრი ბრინჯაოს მედლისათვის ჩინელ ლიგუო ცაოს დაუპირისპირდა და წუთნახევარში 11:0 დაამარცხა.

ძირითად ბადეში წურწუმიამ ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ირანელი ნადერიხადემის, რუსეთის ნაკრების წევრ ტოპოევისა და ბრაზილიის სახელით მოჭიდავე ხაჩატრიანის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან - აზერბაიჯანელ აზიზლისთან დამარცხდა 1-1. 

 

ნუგზარ წურწუმიამ 2018 წლის სეზონი ბრინჯაოს დუბლით დაასრულა. ქართველმა მსუბუქწონოსანმა გაზაფხულზე, რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

 

მსოფლიოს პირველობაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში მოჭიდავე კობლიაშვილმა რეპეშაჟის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა (4:2) და მსოფლიო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ზედიზედ მეორედ ავიდა.

 

კობლიაშვილმა თავდაპირველად ერაქელ ალ-ტამეემის აშკარა უპირატესობით სძლია 9-0, მომდევნო შეხვედრაში კი უნგრელი ვიქტორ ლორინცი დაამარცხა 3-3, მეოთხედფინალშკი კი მომავალ ჩემპიონ თურქ მეტეჰან ბასართან დასანანი შეხვედრა დათმო 1-1, დამამშვიდებელ წრეში კი ალჟირელ ადემ ბუჯემლინს 9:1 მოუგო.