საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

იაკობიშვილმა და ოდიკაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
11:43 | October 26 2018

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებიდან კვარცხლბეკზე ასვლა ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) მოახერხეს.

 

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონმა იაკობიშვილმა ამჯერად 70 კგ კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მერვედფინალში სლოვაკი ტაიმურაზ სალკაზანოვი 2:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს 5:1 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეერკინა და 1:3 დამარცხდა.


ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ზურაბის პირისპირ მონღოლი ბიამბადორჯ ბატ ერდენე დადგა, რომელმაც ჩვენებურს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველმა ფალავანმა მეტოქე 10:0 გაანადგურა.

 


კარიერაში მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედალი მოიპოვა ევროპის მრავაგზის პრიზიორმა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ), რომელმაც ნახევარფინალამდე ასევე 2 გამარჯვება იზეიმა. მან მერვედფინალში ვენესუელელ ხოსე დანიელ დიაზ რობერტის 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს დრამატულ შერკინებაში აჯობა – 4:3. ნახევარფინალში ოდიკაძემ უძლიერეს რუს ფალავან, მომავალ ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო.


ელიზბარი ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვი 5:2 დაამარცხა.