საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი.
11:06 | October 26 2018

21 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) შარშან პარიზში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება მოახერხა. ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ვერცხლის მედალს დაუფლა.

 

გენოს უმთავრესი მეტოქე, თურქი ტაჰა აკგული, რომელსაც ჩვენებურმა გასული წლის ფინალში სძლია, ამჯერად მეოთხედფინალში დამარცხდა, ქართველ ფალავანს კი თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია.


პეტრიაშვილმა მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის იოლად – 11:1 აჯობა, მეოთხედფინალში რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ პარვიზ ხოდავირდი ჰადიბასმანჯს 13:6 მოუგო.


ფინალში გენოს პირისპირ ჩინელი ჟივეი დენგი დადგა, თუმცა, ჩვენებურს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველმა ფალავანმა აზიელს აუღელვებლად – 6:0 სძლია.

 

კენჭაძემ ფინალის საგზური ევროპის მოქმედ ჩემპიონ სონერ დემირტაშთან (თურქეთი) ჭიდილში მოიპოვა, რომელსაც ჩვენებურმა 8:1 სძლია. მანამდე, ავთომ გზიდან აზიის მოქმედი ჩემპიონი – უზბეკი ბეკზოდ აბდურახმონოვი (12:12-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა), პოლონელი ანჯეი პიოტრ სოკალსკი (12:2) და აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი (5:2) ჩამოიცილა.

 

კენჭაძე გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ზაურბეკ სიდაკოვს გაეჯიბრა და დრამატული მარცხი განიცადა. ავთომ მეტოქე ხალიჩიდან 2-ჯერ გაიყვანა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა, რუსმა ორქულიანი გდება მიითვალა, ანგარიში 2:2 გახადა და ჭიდაობის ბევრისთვის გაუგებარი ქულათა დათვლის პრინციპის გამო, გამარჯვებაც იზეიმა.