საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონები, ამინაშვილი ბრინჯაოს მედალოსანია.
12:46 | May 12 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 6 მედლით ჩაამთავრა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილისა (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძის (97 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოებს, დღეს თავისი წილი მედლები მიუმატეს ბექა ლომთაძემ (61 კგ), სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ). ლომთაძემ და პეტრიაშვილმა ფინალში იჭიდავეს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ორივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა, ხოლო ამინაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

 

კასპიისკის ხალიჩაზე ბექა ლომთაძემ ფინალის გზაზე ორივე მეტოქე რუმინელი ივან გუიდეა (11:0) და აზერბაიჯანელი მირჯალალ ჰასან ზადა (12:0) აშკარა უპირატესობით ჩამოიშოა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურატ რაშიდოვთან 1:4 დათმო შეხვედრა და კარიერაში ევროპირველობაზე მეორე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

 

ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულად, მძიმეწონოსნების ფინალით დაგვირგვინდა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი კარგად ნაცნობ მეტოქეს - ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის აწ უკვე 6-გზის ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა. მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში სწორედ ამ მძიმეწონოსნებმა იჭიდავეს ოქროს მედლისთვის და ტიტულს პეტრიაშვილი დაეუფლა. ამჯერად კი დაძაბულ ბრძოლაში საწადელს აკგულმა მიაღწია – 2:1.

 

ფინალამდე გენო პეტრიაშვილმა ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი (11:0) და პოლონელი რობერტ ბარანი (10:0) დაამარცხა.

 

სანდრო ამინაშვილმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ევროპის სამგზის პრიზიორთან – აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან წაგებით (0:6). იქამდე ამინაშვილმა უკრაინის ნაკრების წევრი მრაზ ჯაფარიანი (9:2) და შვეიცარიელი შტეფან რეიხმუტი (4:0) ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი გერმანიის სახელით მოჭიდავე ახმედ დუდაროვს დაუპირისპირდა და ბოლო ილეთის ხარჯზე იმარჯვა (4:4).

 

საპრიზო სამეულში მოხვედრა ირაკლი მწითურსაც (92 კგ) შეეძლო თუმცა უკრაინელ კირილო მიეშკოვთან დასანანად დათმო ბრინჯოასთვის შეხვედრა ბოლო წამზე  6:6.