საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ევრო-2018! ლადო ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე - ბრინჯაოს მედალოსნები
11:30 | May 12 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 3 ბრინჯაოს მედლით გახსნა. რუსეთის ქალაქ კასპიისკიში მიმდინარე ევროპირველობის პირველ საფინალო დღეს პოდიუმზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე ავიდნენ.

 

ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა ახალ 65 კგ კატეგორიაში და კარიერაში მეექვსე მედალი მოიპოვა. წინა ხუთი 55, 57, 60 და 61 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოიგო. 


ხინჩეგაშვილი მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში და სომეხ ვალოდია ფრანგულიანს მოუგო 3-0, მომდევნო შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების დაღესტნელ წარმომადგენელ ილიას ბეკბულატოვთან დათმო 0:6, დამამშვიდებელ წრეში ჯერ ანდრეი პერპელიტას მოუგო 3-2 შემდეგ კი ბრინჯაოს ფინალში პოლონელ კრიშტოფ ბიენკოვსკისთან ოთხქულიანი ჩამორჩენა შეატრიალა სათავისოდ – 8:4.

 

მსოფლიოს ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმაც ევოპირველობაზე პირველად იასპარეზა ახალ 70 კგ კატეგორიაში, ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა  მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ ყურბანალიევთან შეხვედრით, რომელიც 5:5 დასრულდა, მაგრამ ფრე ხელს ყურბანალიევს აძლევდა. ამ ბრძოლამდე ქართველმა მოჭიდავემ სლოვაკეთის წარმომადგენელ თეიმურაზ სალკაზანოვს სძლია (6:2). "ბრინჯაოს ფინალში” კი უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკის აჯობა (3:1).

 

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპირველობაზე გამოსვლა მოლდოვის ნაკრების წევრ გიორგი რუბაევის ძლევით (9:0) დაიწყო. მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ვლადისლავ ბაიცაევთან ვეღარას გახდა და საჩემპიონო ბრძოლასაც გამოეთიშა. დამამშვიდებელ წრეში ოდიკაძემ იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელი კონიედო რუანო 5-4 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ки უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძე დაამარცხა (5:2) და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ დაიკავა საპრიზო ადგილი.

 

ხვალ მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდება და საქართველოს ნაკრები წევრები ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში გავიდნენ. სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) კი ნახევარფინალში დამარცხდნენ და "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთნენ.

 

ლომთაძე საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდება. პეტრიაშვილს კი კარგად ნაცნობი მეტოქე ეყოლება – თურქი ტაჰა აკგული.