საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

2 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური მესამე ადგილი - თავისუფლების მსოფლიო მონაგარი
05:04 | August 27 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. 25-26 აგვისტოს, პარიზში გამართულ პლანეტის პირველობაზე გიორგი იანტბელიძის გუნდიდან ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ლადო ხინჩეგაშვილმა (61 კგ) მოიპოვა.

 

იაკობიშვილმა ( 65 კგ) მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი 3-1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, აღსანიშნავია ქართველის გამარჯვება ნახევარფინალში სადაც რუსეთის ნაკრების წევრი ალან გოგაევი ბოლო წამებზე მოპოვებული მომგებიანი გდების წყალობით დაამარცხა.

 

პირველად მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვინც ფინალში მთავარი ფავორიტი, ევროპის 4-გზის, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაძაბულ ბრძოლაში 10-8 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპონი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში.

 

პირველად იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა ახალ 61 კგ კატეგორიაში და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში ხინჩეგაშვილმა თურქეთის სახელით  მოასპარეზე რუსეთის ნაკრების ყოფილ წევრ ჩინგისხან ერდოღანს (ოპან სატი)  რევანში აუღო და 3-0 დაამარცხა.

 

კიდევ 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ ზურაბ ერბოწონაშვილსა (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ) თუმცა გადამწყვეტი შეხვედრები დათმეს და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართვეს ნაკრებმა მსოფლიოს 56 ქვეყანას შორის 40 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველი-მეორე ადგილები აშშ-სა და რუსეთის ნაკრებებმა გაინაწილეს, გუნდური მესამე ადგილისათვის განკუთვნილი პრიზი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ჩაიბარა.

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე

უფროსი მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, დავით პოღოსიანი და არჩილ ქიტიაშვილი.