საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, ხინჩეგაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.
07:16 | August 25 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე დღეს 2 მედალი მოიპოვა, გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი ნაკრების უმძიმესმა წევრმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში მთავარი ფავორიტი, ევროპის 4-გზის, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა მოიპოვა.

 

პეტრიაშვილმა ფინალამდე სამივე მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ხიზრიევი 13-2, კანადელი კოეი ჯარვისი 10-0, ნახევარფინალში კი სომხების ქართველი ფალავანი  ლევან ბერიანიძე 12-2 დაამარცხა, ფინალში კი 24 წლის ქართველმა გოლიათმა თურქების უძლეველი ფალავანი საოცრად დაძაბულ ბრძოლაში საფინალო სირენამდე თხუთმეტიოდე წამით ადრე შესრულებული ორქულიანით აჯობა (10:8) და პირველად დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალს.

 

ახალ 61 კგ კატეგორიაში პირველად იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლადო ხინჩეგაშვილმა, ბრინჯაოს მედლისათვის თურქეთის სახელით გადაბარგებულ რუსეთის ნაკრების ყოფილ წევრ ჩინგისხან ერდოღანს (ოპან სატი) 2013 წელს თბილისის ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხისათვის რევანში აუღო და 3-0 დაამარცხა, ლადომ 1/4 ფინალში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა, მანამდე კი ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორი შეხვედრა იოლად მოიგო. პალაუს წარმომადგენელ კრისტიან ნიკოლესკუს 10-0 და მონროლ ტუვშინტულგა ტუმებილეგს 7-1 სძლია, დამამშვიდებელ წრეში ლადომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ამერიკელ ლოგან სტიებერს იოლად 10-0 მოუგო.

 

პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლოთაძემ (57 კგ) და დავით ხუციშვილმაც (86) იასპარეზეს, ლომთაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქ სულეიმან ატლისთან ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა 8-8, ხუციშვილი კი 1/16 ფინალში კანადელი ჯორდან სტინის დამარცხების შემდეგ 6-0 თავად დამარცხდა აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან 0-4 და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

ხვალ კი დასრულდება მსოფლიოს ჩემპონატი, ხალიჩაზე კი დარჩენილი 4 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი ზურაბ იაკობიშვილი (65), ზურაბ ერბოწონაშვილი (70), ჯაბა ყველაშვილი (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97).