საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

კობლიაშვილმა და ნადარეიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
01:06 | August 22 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში 21-22 აგვისტოს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მეოთხე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.

 

შეჯიბრების პირველ დღეს მედლები საქართველოს ნაკრებს რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (98 კგ) მოუტანეს, მეორე დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ევროპის 2-გზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს (80 კგ) თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა დათმო და მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

 

კობლიაშვილმა პარიზში გამოსვლა ავსტრიელი ამერ ჰრუსტანოვიჩის ძლევით (2:1) დაიწყო. შემდეგ პოლონელ ტადეუშ მიხალიკს იოლად (4:0) მოუგო, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან - თურქ მეტეჰან ბაშართან წააგო (1:4). ამ უკანასკნელმა რუსეთის ნაკრების ქართველი წევრი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძეც ჩამოიშორა და ფინალში გავიდა, კობლიაშვილი კი დამამშვიდებელ წრეში გადაერტო სადაც ბულგარელ ნიკოლაი ბაირიაკოვს სძლია (2:1), ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძე ნახევარფინალში მიღებული ტრამვის გამო აღარ გამოცხადდა და კობლიაშვილიც მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

 

ნადარეიშვილი საქმეში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ჩეხეთის ნაკრების წევრ არტურ ომაროვს აჯობა (5:3), თუმცა პირველი შეხვედრაში წარბი გაიხეთქა, მომდევნო შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჰაკბონ გუს სძლია (4:2), მეოთხედფინალში კი სომხების ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ალექსანიანთან შეხვედრაში ახლოს იყო გამარჯვებასთან თუმცა ბოლო წამებზე გაშვებული გდების გამო 2-6 დათმო შეხვედრა. ნადარეიშვილმა კი ბრინჯაოს გზაზე ჯერ ირანელ სეიდმუსტაფა სალეჰიზადეჰს აჯობა (4:4), ხოლო შემდეგ უზბეკი რუსტამ ასაკალოვი დაამარცხა (3:1).

 

მეორე დღეს ყველაზე შედეგიანად ზურაბ დათუნაშვილმა (80 კგ) იჭიდავა, რომელიც პარიზში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპი ალჟირელ ბაშირ სიდ აზარასთან სასურველი ფრით (2:2) დაძლია. ხორვატ ბოზო სტარჩევიჩსა და ავსტრიელ მიხაელ ვაგნერს დათუნაშვილმა ერთნაირი ანგარიშით – 3:2 აჯობა. ნახევარფინალში კი სომეხ მაქსიმ მანუკიანთან ვეღარას გახდა (0:7) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც კიდევ ერთ ევროპელ მეტოქეს – გერმანელ პასკალ ეიზელს დაუპირისპირდა, დამარცხდა (2:5) და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ლაშა მარიამიძე (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ), შმაგი ბოლქვაძე (71 კგ), მინდია წულუკიძე (75 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ჩაებნენ, თუმცა მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.

 

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) ამჯერად ახალ წონით კატეგორიაში 71 კგ მოსინჯა ძალა. პირველივე შეხვედრაში ირანელ მოჰამადალი გარაეისთან მინიმალური ანგარიშით (2:3) დამარცხდა.

 

მინდია წულუკიძე (75 კგ) მსოფლიო ჩემპიონატი ინდოელი სინგხ გურპრეტის ძლევით (5:1) გახსნა. შემდეგ, ამერიკელი მეისონ ტაილერ მანვილი (4:2) და ფრანგი სემი სლამა (10:3) ჩამოიშორა. მეოთხედფინალში კი ბელარუს კაზბეკ კილოუსთან ვეღარას გახდა (2:9) და თუმცა ბელარუსი ნახევარფინალში დამარცხდა და ჩვენებურიც გამოეთიშა ასპარეზობას.

 

მარიამიძე (59 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდა უნგრელ ერიკ ტორბასთან (2:10). გოგიბერაშვილიც ერთადერთხელ გავიდა პარიზულ ხალიჩაზე და დაუძლეველი ზღუდე მისთვისაც უნგრელი მეტოქე – მატე კრაჟნალი აღმოჩნდა (3:3). 

 

ლევან არაბულმა (130 კგ) ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების უმძიმესმა წევრმა მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონელი არატა სონოდას ძლევით გახსნა (5:1). მერვედფინალში ეგვიპტელ აბდელატიფ აჰმედ მოჰამედს ქულების აშკარა უპირატესობით აჯობა (11:3). მეოთხედფინალში კი ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდესთან ვეღარას გახდა (2:5).

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 30 ქულით მსოფლიოს 54 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.