საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რამაზ ზოიძე ევროპის სამგზის ჩემპიონია
10:55 | August 15 2017

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან ახალგაზრდა ქართველ ფალავან რამაზ ზოიძეს ევროპის 23-წლამდელთა შორის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცემა.

 

მიმდინარე წლის 1 აპრილს, უნგრეთის ქალაქ სომბათეიში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა პირველობაზე 71 კგ-ში მოასპარეზე ზოიძემ ფინალამდე სამი ძლიერი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, უკრაინელი არტურ პოლიტაევი, რუსი ადლეტ ტიულუბაევი და თურქი მურატ დაგი, ფინალში კი ვერაფერს გახდა აზერბაიჯანელ ისლამბეკ დადოვთან.

 

თუმცა მოგვიანებით  აზერბაიჯანელის სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალია აღმოაჩინეს და ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, შესაბამისად ჩამორთმეული ოქროს მედალი ქართველ ფალავანს გადაეცა.

 

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ ოფიციალურ ბაზაში უკვე შეცვალა 23-წლამდელთ ევროპირველობის შედეგები სადაც აზერბაიჯანელის გვარი ამოღებულია, ქართველი ფალავანი კი ჩემპიონად არის გამოცხადებული.

 

შეგახსენებთ რომ ზოიძისთვის ეს რიგით მესამე ევროპული ტიტულია, ევროპირველობაზე მან 2012 წელს ჭაბუკებში ხოლო 2016 წელს ახალგაზრდებში გაიმარჯვა. იგი ასევე გახლავთ სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი - ერთხელ ჭაბუკებში (2011) და ორჯერ ახალგაზრდებში (2015, 2016)