საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია
12:51 | August 07 2017

6 აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ლიდერმა მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ახალგაზრდა ლომად წოდებულმა პატარიძემ ზედიზედ ხუთჯერ შეძლო მსოფლიოს უძლიერესი ფალავანის ტიტულის მოპოვება - ორჯერ ჭაბუკებში (2013, 2014) და სამჯერ ახალგაზრდებში (2015, 16, 17).

 

ფინალში ქართველმა ფალავანმა ყირგიზ კიმ რომანს (6:2) მოუგო,  საფინალო გზაზე კი 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.

 

დაჯილდოვების ცერემონიალზე ორგანიზატორებმა შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორეს და  ჩემპიონის პატივსაცემად, დამსწრეთ ახალი ჰიმნიც მოასმენინეს.

 

დღეს, ფინურ ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ) და თემურ ჭკუასელიძეც (84 კგ) გავიდნენ, თუმცა მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.