საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული სტილი ჭაბუკთა ნაკრების 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობიდან
11:18 | August 01 2017

ტრიუმფით დასრულებული ევროპის ჩემპიონატი - ხვიჩა ქორიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 30-31 ივლისს, სარაევოში ევროპირველობაზე გამოსვლა 6 მედლით და გუნდური ჩემპიონობით დაასრულა.


ევროპის ჩემპიონები ბექა გურული (54) და გიორგი შოთაძე (58) გახდნენ, ვერცხლის მედალს გიორგი ცოფურაშვილი (76) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლებს კი აკიკი ოსიაშვილი (50), ოთარი აბულაძე (63) და დავით სოლოღაშვილი (69) დაეუფლნენ.

 

შოთაძემ ფინალურ დაპირისპირებაში თურქი მუსტაფა ილდირიმი 3-1 დაამარცხა და შარშან, 50 კგ-ში  მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული ახლა უკვე ახალ წონით კატეგორიაში, 58 კგ-ში წარმატებით დაიცვა.

 

საფინალო გზაზე კი 4 მეტოქე ჩამოიცილა, პოლონელ კრისტო სტეფანის 11-0, უნგრელ რაიმუნდ ფარკასს 4-1, სომეხი აშოტ კირაკოსიანს 5-2 და აზერბაიჯანელი ჰასან მამადლის 4-1 სძლია.

 

ბექა გურულმა ფინალში პატარა სასწაული შემოგვთავაზა, უკრაინელ მიროსლავ სოლოვიანს, რომელთანაც პირველი პერიოდის შემდეგ 1-6 მარცხდებოდა, მეორე პერიოდში 9 ქულა აართვა და საბოლოოდ 10-7 გაიმარჯვა. მანამდე კი ლიტველი ვილის სავიცკასი 9-0, თურქი კადი კამალი 6-4 და ნორვეგიელი სონდრე სვარსტადი 8-0 დაამარცხა.


საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 69 ქულით პირველობა არავის დაუთმო, უკან ჩამოიტოვა რუსეთის უძლიერესი ნაკრები 60 ქულა, მესამეზე უნგრეთი გავიდა 50.

 

მთავარი მწვრთნელი: ხვიჩა ქორიძე
უფროსი მწვრთნელები: მამუკა სულთანიშვილი, ვაჟა კრავეიშვილი და დევი რეხვიაშვილი.