
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრება სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
გამარჯვებით დაასრულა ასპარეზობა გიორგი გეგელაშვილმა (46), რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსი მაგომედ აბდურახმანოვი დაამარცხა 5-2 და ევროპის ჩემპიონი გახდა. მანამდე კი მაკედონიელ აიდ სალიასის 14-1, აზერბაიჯანელ აშრაფ კარიმზადას 4-0 (წმინდა) და სომეხ არაკელ მოვსესიანს 5-1 მოუგო.
ოქროს მედლისათვის უკრაინელ ანდრეი ძელეპთან ბრძოლაში დამარცხდა ლადო გამყრელიძე (54) და ვერცხლის მედალს დასჯერდა. საფინალო გზაზე გამყრელიძემ სამი მეტოქე ჩამოიცილა, შვეიცარიელ ფლურინ მაიერს 10-0, საფრანგეთის წარმომადგენელ ადამ ბიბოულატოვს 9-2 და თურქ ჰამზა ალაჩას 9-8 სძლია.
დღესვე ხალიჩაზე გიორგი ელბაქიძე (63), ლაშა ბაირამოვი (76) და ჭაბუკა გამყრელიძეც (100) გავიდნენ თუმცა მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.


