საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ევრო-2017! ახალგაზრდების 5 მედალი და გუნდური მესამე ადგილი დორტმუნდიდან
10:50 | June 28 2017

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 5 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.

 

მეორე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლები თეიმურაზ ვანიშვილმა (55) და ზაურ ბერაძემ (84) მოიპოვეს. ვანიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელი ალიკ ხადარცევი 8-6 დაამარცხა, ბერაძემ კი ბრინჯაოს ფინალში სომეხი ჰოვანეს მხითარიანი მეოთხე წუთის მიწურულს ხალიჩას ბეჭებით გააკრა და წმინდა გამარჯვება მიითვალა.

 

საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ნაკრების უმძიმეს წევრ ზურიკო ურთაშვილს ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში 6-6-ზე დათმო შეხვედრა მოლდაველ სამან ჯაბრაილოვთან.

 

შეგახსენებთ რომ შეჯიბრების პირველ დღეს ევროპოდიუმზე სამი ქართველი ფალავანი ავიდა, ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97) გახდა, ვერცხლის მედალს ნიკა კენჭაძე (74) ხოლო ბრინჯაოს ედემი ბოლქვაძე (60) დაეუფლა.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 52 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა 67, მეორეზე აზერბაიჯანი 58. ევროპირველობაზე სულ 28 ქვეყნის ნაკრები იღებდა მონაწილოებას.

 

მთავარი მწვრთნელი: ბელდუხ გავაშელიშვილი

უფროსი მწვრთნელები: დავით ხურცია, გელა საღირაშვილი და თეიმურაზ მინდიაშვილი.

 

1-2 ივლისს, ევროპირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.