საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭიდაობის ფედერაციის ანგარიშის წარდგენა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში
12:15 | May 31 2017

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით გრძელიშვილმა წარმოადგინეს. 

 

როგორც ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით გრძელიშვილმა აღნიშნა დღეისათვის ქვეყანაში ჭიდაობის განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს იმ აუცილებელი მიმართულებების გეგმის რეალიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში მაქსიმალური შედეგების მიღწევას, ეს მიმართულებები მოიცავს: 


▶სასწავლო-საწვრთნელ პროცესში დასაქმებულ მწვრთნელ-მასწავლებელთა საქმიანობაში თანამედროვე გამოცდილების დანერგვას; 
▶ყველა ასაკობრივ ჯგუფში მოვარჯიშე ვაჟთა და გოგონათა სასწავლო-საწვრთნელი პროცესისა და შეჯიბრების პრაქტიკის სრულყოფას;
▶ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდებისათვის ინდივიდუალური პროგრამით მომზადებული სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მაღალ დონეზე ჩატარებას; 
▶თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისა და რეაბილიტაციის სისტემის შემუშავებას და როგორც ეროვნული, ასევე ასაკობრივი ნაკრები გუნდების სრულ სამედიცინო უზრუნველყოფას;
▶სხვადასხვა ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირებსა და სალიცენზიო ასპარეზობებზე მაღალი შედეგების მიღწევას.

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თამაზ გეგეშიძის ინფორმაციით, ფედერაციას ამ ეტაპზე არ გააჩნია კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი, სადაც სპორტსმენები ნორმალურ პირობებში ვარჯიშსა და სასწავლო-საწვრთნელ პროცესში ჩართვას შესძლებენ. ეროვნული ნაკრები გუნდები სასწავლო საწვრთნელი შეკრებების გარდა, ადგილზე ვარჯიშობენ დღეგამოშვებით, მორიგეობით ვარჯიშობენ ,,ფალავანთა კლუბში“, სადაც მხოლოდ ორი საჭიდაო ლეიბია, რაც არ არის საკმარისი.

 

კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ გამოინახოს გზები, რათა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა.

 www.parliament.ge