საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
06:14 | May 04 2017

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, 61 კგ-ის ფინალში ქართველმა ფალავანმა უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი ახმედ ჩაკაევი 10-9 და წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. 

 

ხინჩეგაშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალამდე ლადომ სამი მეტოქე ჩამოიშორა, მოლდაველ ანდრეი პერპელიტას (4-1), აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვს (9-5) და ნახევარფინალში უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს (8-2) მოუგო.

 

დღესვე 74 კგ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონმა 23-წლამდელებში ავთანდილ კენჭაძემაც იასპარეზა, რომელმაც 1/4-ფინალში სომეხ გრიგო გრიგორიანთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა 4-5, მანამდე კი რუმინელი ვასილე მადალინ მინზალა (5:1) და ბულგარელი შვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვი (15:4) დაამარცხა.

 

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სერბეთში მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია - შეგახსენებთ, რომ წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

 

ხვალ 5 მაისს, სერბეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ გამოსვლას, ხალიჩაზე კი დარჩენილი 70 და 125 კგ კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, საქართველოს სახელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ტლაშაძე (70) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დაიცავენ.