საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ავთანდილ კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონები არიან
10:50 | March 28 2017

დიდი წარმატებით დაიწყო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს 28 მარტს უნგრულ სომბათეიში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლა. შეჯიბრების პირველ დღეს 4 წონით კატეგორიიდან ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ივერიკო ჯულაყიძე (65) დაეუფლა.

 

ავთანდილ კენჭაძემ ფინალის გზაზე 3 მეტოქე ჩამოიშორა, ფინელი ჰენრი ალექსი სელენიუსი 13:8, თურქი ნური თემური 7:4 და ბულგარელი ენგინ რაშიდ ისმაილი ქულების აშკარა უპირატესობით 14:1 დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი საფრანგეთის წარმომადგენელ ზელიმხან ხაჯიევთან 0-2-ს აგებთა, თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე შესრულებული 4-ქულიანი გდებით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

 

გივი მაჭარაშვილმა (97) ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძის ძლევით 8-6 დაიწყო, შემდეგ რუმინელ ვასილე კარასის 10-4 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქი იუნუს ემრე დედე იოლად ქულების აშკარა უპირატესობით 14-4 დაამარცხა. ფინალში კი ქართველ ფალავანს ტიტულოვანი რუსი მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში გიორგი გოგაევი ელოდა, ფინალი საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, შეხვედრის მიწურულს მაჭარაშვილი 10-9-ს ამარცხებდა მეტოქეს თუმცა ბოლო წამებზე მოწინააღმდეგე ბეჭებზე გააკრა და წმინდა გამარჯვება იზეიმა.

 

ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) ბრინჯაოსთვის შეხვედრაში საფრანგეთის წარმომადგენელი ილმან მუხტაროვი 6-0 დაამარცხა, მანამდე კი ებრაელი ემრაჩ გასანოვისა 10:0 და მოლდოველი მაქსიმ საკულტანის 7:4 ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში თურქ ჰაიდარ იავუზთან დამარცხდა 1:13.

 

დღესვე, საქართველოს სახელით ევროხალიჩაზე 23-წლამდელთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრი  რამაზ თურმანიძეც გავიდა 57 კგ, თავდაპირველად პოლონელი დავიდ პიოტრ რომანოვიჩი 7-1 დაამარცხა მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ ფარვიზ იბრაჰიმოვთან წაგებით 7:17.

 

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ჭიღლაძე, უფროსი მწვრთნელები კი ოთარ თუშიშვილი და აკაკი კუნჭულია არიან.

 

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ ევროპის 29 ნაკრებს შორის საქართველოს ნაკრები 32 ქულით გუნდურ პირველ ადგილზეა, მეორეზე თურქეთი 27 ხოლო მესამეზე რუსეთის 26 ქულით.

 

ხვალ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, საქართველოს სახელით კი ევროკონკურენციაში  შოთა ფარტენაძე (61 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ირაკლი მწითური (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჩაებმებიან.