საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თბილისის საერთაშორისო ტურნირი დაბრუნდა!
11:54 | January 05 2017

სასიამოვნო სიახლე, აღდგა თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი რომელიც ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით 10-12 ივნისს თბილისში გაიმართება.

 

გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2011 წლის შემდეგ არ ჩატარებულა თუმცა ფედერაციამ ყველაფერი იღონა რომ საქართველოს ისევ მიეღო საქვეყნოდ ცნობილი ტურნირის მასპინძლობის უფლება რომელიც თბილისის საერთაშორისო გრან-პრის სტატუსით ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში უფროსებს შორის გაიმართება.

 

"თბილისის გრან-პრი" მსოფლიო ფედერაციის კალენდარში მესამე შეჯიბრებაა რომელიც საქართველოში გაიმართება.

 

პირველი 6-7 მაისს ბათუმში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონის და ოლიმპიური პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირია რომელი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ახალგაზრდებში შორის გაიმართება. 

 

ერთი თვის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონის თემო ყაზარაშვილის სახელობის ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამჯერად ჭაბუკებში 5-7 ივნისს რუსთავი უმასპინძლებს. 

 

თბილისის საერთაშორისო ტურნირს FILA-ს გადაწყვეტილებით 1962 წლიდან  ჩაეყარა საფუძველი, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. თბილისის ტურნირზე გაუმარჯვიათ ისეთ ფალავნებს როგორებიც არიან ნოდარ ხოხაშვილი, ვლადიმერ რუბაშვილი, ტარიელ ალიბეგაშვილი, ზარბეგ ბერიაშვილი, შოთა ლომიძე, ნოდარ მოდებაძე, გურამ საღარაძე, გოგი მაკასარაშვილი, ლევან თედიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, ლერი ხაბელოვი.

 

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში კი ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას საერთაშორისო ტურნირის სახელით იმართებოდა.