საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დავით ჩხარტიშვილი, რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე - მსოფლიოს ჩემპიონები არიან
05:03 | August 31 2016

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს ოთხი წონითი კატეგორიიდან სამში საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრებმა გაიმარჯვეს, ზაზა სილაგაძის გუნდიდან მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120).

 

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი დავით ჩხარტიშვილი (55) შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო სადაც გერმანელი ალექსანდერ გინკი 6-2 დაამარცხა, მეოთხედფინალში იტალიელ იაკოპოს სანდონს 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში ყირგიზი ნუზუპბეკ ტოპჩუბაევი 9-8 დაამარცხა, ფინალში ჩვენებურმა იაპონელი იო ნამბა 3-2 დაამარცხა.

 

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რამაზ ზოიძემ (66) საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიშორა, ლიტველი კრისტუპას სლეივა 6-4, ბრაზილიელი რამოს ჯუნიორი ქულების აშკარა უპირატესობით 4:50 წუთში 12-4 და ეგვიპტელი მოჰამედ ელსაედი 2:30 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უშეღავათო ბრძოლაში 7-5 მოუგო ირანელი მოჰამად მორად ელიასის, ფინალში ქართველმა ფალავანმა 5-0 სძლია ყაზახ კაჰარმან კისიმეტოვს და წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებში, გახდა რა მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი ორჯერ ახალგაზრდებში ერთხელ კი ჭაბუკებში.

 

ევროპისა და მსოფლიოს ბოლო სამი წლის უცვლელმა ჩემპიონმა ახალგაზრდა ლომად მონათლულმა ზვიად პატარიძემ ფინალამდე სამი მეტოქე გაანადგურა, ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1, აზერბაიჯანელ გამზატხან ისრაპილოვს 29 წამში 8-0 და ნახევარფინალში უნგრელი ფერენს ალმასს 1:35 წუთში 9-0 მოუგო, ფინალში ქართველი მძიმეწონოსანმა თურქ ოსმან ილდირიმი 1:21 წუთში უზადოდ შესრულებული გდების წყალობით 10-0 წმინდად დაამარცხდა და ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ორჯერ ჭაბუკებში 2013-2014 და ორჯერაც ახალგაზრდებში 2015-2016

დღესვე ხალიჩაზე ქართველთაგან გურამ ხეცურიანიც (84) გავიდა და პირველ შეხვედრაში 9-0 დაამარცხა ხორვატი ივან ჰუკლეკი, თუმცა მომდევნო წრეში 1-3 დამარცხდა ალჟირელ მეტოქესთან და გემოთიშა ასპარეზობას.