საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი ხინჩეგაშვილის პირველი მემორიალი
04:41 | April 26 2016

ვასილ ბალახაძე - გაზეთი „ლელო

გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის სპორტსმენთა დიდი გამარჯვებების და საზოგადოდ ამ ქალაქში მოღვაწე მწვრთნელთა, თუ ფალავანთა წარმატებული მუშაობის მიუხედავად, გორში თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირები ვერ ტარდებოდა. მიზეზი პირველ ყოვლისა საშეჯირო დარბაზის არქონაა. თუ ძიუდოისტები გურამ პაპიტაშვილის სახელობის მოცულობით არცთუ დიდ დარბაზში, გაჭრივებით მაინც ახერხებენ შეჯიბრებათა გამართვას, თავისუფალი სტილის მოჭიდავეები ცენტრალური სასპორტო სკოლის იმდენად პატარა დარბაზში ვარჯიშობდნენ, რომ იქ ასპარეზობის მოწყობა შეუძლებელია.
ქალაქში ერთი წელიწადია რაც გაიხსნა ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი. გორელ მოჭიდავეთა ნაწილი ახლა იქ ვარჯიშობს, მეორე ნაწილი ისევ სასპორტო სკოლაშია. სხირელის ახალი დარბაზი მართალია აგრეთვე სავარჯიშოა, მაგრამ თანაქალაქელი ძიუდოისტების არ იყოს, მაინც შესაძლებელია თუნდაც ჩვენი ქვეყნის მასშტაბის ტურნირის ჩატარება. და აი, ამ დღეებში სწორედ ამ შენობაში პირველად ჩატარდა ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. გიორგი ხინჩეგაშვილი ცნობილი ქართველი ფალავანის ლადო ხინჩეგაშვილის მამა გახლდათ, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და გარკვეული ტიტულების მიუხედავად თავისი სპორტული პოტენციალის რეალიზება სრულად ვერ შეძლო.
მისი ხსოვნის მემორიალური შეჯიბრება, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ათზე მეტი რაიონის უმცროსი ასაკის მოჭიდავეები იღებდნენ მონაწილეობას, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტსმენებმა სულ 10 წონით კატეგორიაში იბრძოლეს პირველობის მოსაპოვებლად.
გაგაცნობთ გამარჯვებულებს:
ვაჟები
23 კგ. ზურაბ აბალაკი (გორი)
26 კგ. ნიკა ბოჭორიშვილი (გორი)
29 კგ. ლაშა გურჩიანი (აფხაზეთი)
32 კგ. ზეზვა შოშიტაიშვილი (თბილისი)
35 კგ. სანდრო ყურაშვილი (თბილისი)
38 კგ. დიმიტრი წივწივაძე (ქუთაისი)
42 კგ. გუგა ღუდუშაური (გორი)
47 კგ. დაჩი პაპუნაშვილი (გორი)
+ 47 კგ. რამინ გულიტაშვილი (საჩხერე)
+ 60 კგ. თამაზ ბიგანაშვილი (რუსთავი)
გოგონები
26 კგ. მარინა სატკოევი (გორი)

„მამაჩემის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური შეჯიბრების გამართვის ინიციატივა გორელ მწვრთნელებს ეკუთვნით, რისთვისაც მათი დიდად მადლობელი ვარ. ისევე, როგორც ორგანიზატორების, რომლებიც დაგვეხმარნენ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებაში. პირველი შეჯიბრება საკმაოდ წარმომადგენლობითი და საინტერესო აღმოჩნდა. გადატყდა, რომ ტურნირი ყოველ წელს ჩატარდება, მომავალში საერთაშოროს სტატუსსაც მიიღებს და მოხვდება საერთაშორისო ფედერაციის კალენდარშიც. თუმცა საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებას ჩვენი სავარჯიშო დარბაზი ცხადია ვერ უმასპინძლებს და ამ თვალსაზრისით მოგვიწევს გამოსავალის მოძებნა“ – გვითხრა ტიტულოვანმა ფალავანმა ლადო ხინჩეგაშვილმა.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ თასები და მედლები. ყველაზე ტექნიკური მოჭიდავისათვის განკუთვნილი გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცა 26 კგ-ში გამარჯვებულ ფალავანს ნიკა ბოჭორიშვილს.