საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველი გოგონების ვერცხლ-ბრინჯაო რუმინეთიდან
10:34 | April 24 2016

წარმატებით იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა 22-24 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანების UWW-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ""S. Rusu, Ioan W. Popovici and G. Berceanu, V. Iorga", რომელიც ჭიდაობის სამივე სახეობაში ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის  გაიმართა.

 

ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი გულიკო არუთინიანმა (43) მოიპოვა, მეორე დღეს კი ვერცხლის მედალს თამარ ხოჯაშვილი (52) დაეუფლა.

 

არუთინიანმა პირველ შეხვედრაში მოლდავე იულია ტირნას 6-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუმინელ მარია ციოკლეასთან 0-3 დამარცხდა, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი ბულგარელ ივანკა ბარუტისჩსკას იოლად 10-0 სძლია.

 

თამარ ხოჯაშვილმა თავდაპირველად თურქი ედა ტკინი 40 წამში სუფთად დაამარცხა, მომდევნო წრეში უნგრელ ერიკა ბოგნარს 10-0 მოუგო, ნახევარფინალში კი ბულგარელ ვესელა ბრამჩევას დაძაბულ შეხვედრაში 16-10 სძლია  და ხელის მცირე ტრამვაც მიიღო, თუმცა ფინალში მაინც იასპარეზა და გერმანელ სერენა ბოლკესთან 2-4 დათმო შეხვედრა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ახალგაზრდებში კი ანი ნაზარაშვილმა (51) იასპარეზა თუმცა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და გამოეთიშა შეჯიბრს.


 
გუნდს ოთარ ტლაშაძე ხელმძღვანელობდა.