საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

შმაგი ბოლქვაძემ ბერძნულ-რომაულ ნაკრებს პირველი ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა
05:24 | April 15 2016

დღეს 15 აპრილს სერბულ ზრენიანში დაწყებული ევროპის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა პირველი ლიცენზია მოიპოვა რომელიც შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა.

 

ქართველი ფალავანი 66 კგ კატეგორიის ფინალში გავიდა და ოლიმპიური ლიცენზიაც გაინაღდა. ფინალამდე ბოლქვაძემ სამ მეტოქეს მოუგო მარიუს ტომესენი 6-0, ბულგარელი კონსტანტინ სტასი 4-0 ხოლო ნახევარფინალში კი პოლონელი დავიდ კარეჩინსკი 5-0 დაამარცხა. ფინალში კი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ და ევროპის 2-გზის ჩემპიონ უნგრელ ტამას ლორინცთან 1:4 დათმო შეხვედრა.

 

დღესვე ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთაგან ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხიც გავიდა (59) თუმცა მეოთხედფინალში ნორვეგიელ სტიგ ანდრე ბერგთან  2-6 დათმო შეხვედრა და გამოეთიშა ოლიმპიური ლიცენზიისათვის ბრძოლას, პირველ შეხვედრაში კი 2-1 დაამარცხა პოლონელი ანდრეი ერსეტიკი.


ერთი გამარჯვება დააკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილს (65) რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა 2-3 დათმო უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან, მანამდე კი გერმანელ ალექსანდრ სემისოროვს 6-5, ხოლო მეოთხედფინალში დაძაბულ შეხვედრაში 11-10 მოუგო თურქ მუსტაფა კაიას. საბოლოოდ მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი ქულების აშკარა უპირატესობით 3:20 წუთში 13-2 დაამარცხა ბერძენი ნიკო არზუმანიდისი.

 

შეგახსენებთ რომ წინ კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირი გველოდება სადაც ჩვენი მოჭიდავეები შეეცდებიან დარჩენილ წონით კატეგორიებში ოლიმპიური საგზურების მოპოვებას

 

ფინალები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება

 

ხვალ კი ოლიმპიური საგზურებისათვის ბრძოლაში ბერძენ-რომაელთაგან ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (85), ხოლო თავისუფალ სტილში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი ჩაერთვებიან.