საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გელა ბოლქვაძე და იაკობ ქაჯაია ევროპის ჩემპიონები, თორნიკე ჯანგავაძემ ვერცხლი მოიპოვა
04:09 | March 30 2016

წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები ბულგარულ რუსეში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, ჩვენმა ნაკრებმა შეჯიბრების მეორე დღეს 4 წონიდან 3 მედალი 2 ოქროს და 1 ვერცხლი მოიპოვა, ევროპის ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (75) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ, ვერცხლის მედალს თორნიკე ჯანგავაძე (66) დაეუფლა.

 

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში გელა ბოლქვაძემ ფინალამდე სამ შეხვედრაში გაიმარჯვა, ლიტველი მინდაუგას სურმანიტისი 8-0, მეოთხედფინალში იტალიელ ლუკა დარიოცი 8-0 და ნახევარფინალში უნგრელი ზოლტან ლევაი 7-2 დაამარცხა, ფინალში კი შვედ მიშელ ბიურბერგს 2-0 მოუგო.

 

ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130),  ლატვიელი ულდის გლაზინისი 48 წამში სუფთად დაამარცხა, მეოთხედფინალში გერმანელ კრისტიან ჯონს 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურს 4-0 სძლია, ფინალში ჩვენებურის მეტოქე უკრაინელი ვლადისლავ ვორონი იყო რომელსაც 1:56 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-2 მოუგო.

 

ჯანგავაძემ (66) პირველ შეხვედრაში საფრანგეთის წარმომადგენელი ჰრაჩ მალხასიანი 2:53 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა, მერვედფინალში ზუსტად 5 წუთი დასჭირდა შვედი ოსკარ ერლანდსონის დასაამრცხებლად 9-0, მეოთხედფინალში სერბ მატე ნემეს 5-2 სძლია, ნახევარფინალში კი 2:09 წუთში იოლად გაუსწორდა ბულგარელ სიმეონ დარუიშს 8-0. ფინალში კი პოლონელ მატეუს ბერნატეკისთან დათმო შეხვედრა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

დებიუტანტი შალვა ხაჩიძე (85) აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან დამარცხდა.