საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

შმაგი ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
05:10 | March 13 2016

12 მარტს რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილის 59-66-98-130 კატეგორიის ფალავნებმა იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების წევრმა მსოფლიოს ჩემპიონმა ახალგაზრდებში შმაგი ბოლქვაძემ (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მის გარდა ნაკრების დანარჩენმა წევრებმა ირაკლი შავაძემ (59), რევაზ ნადარეიშვილმა (98) და იაკობ ქაჯაიამ (130) იასპარეზეს თუმცა უმედლოდ დარჩნენ.

 

ბოლქვაძემ ძირითად ბადეში გამოსვლა შვედეთის სახელით მოასპარეზე ფრუნც არუთინიანის ძლევით 8-4 დაიწყო, მომდევნო წრეში ხორვატი დანიელ იანეჩიჩი 8-0 ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტ რუსების ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ისლამბეკ ალბიევთან 4-8 დამარცხდა და სანუგეშო წრეში გადაერთო, სადაც საფრანგეთის ნაკრების წევრი ხრაჩ მალხასიანი 9-2 დაამარცხა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ლატვიელ ნიკიტა მასიუკს 6-4 მოუგო.

 

ირაკლი შავაძემ ძირითად ბადეში ორი ბრძოლა ჩაატარა. ბერძენი აპოსტოლოს მანუილიდისის ადვილად ძლევის (10:1) შემდეგ, მეოთხედფინალში სომეხ რომან ამოიანთან წააგო (6:13) და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მაგრამ ბრინჯაოსკენ მიმავალ გზაზე ხორვატი ივან ლიზატოვიჩი გადაეღობა (9:14).

 

რევაზ ნადარეიშვილმა ევროპირველობა ლიტველი ვილიუს ლაურინაიტისის ძლევით (9:0) გახსნა, მაგრამ მეოთხედფინალში, თურქ ცენკ ილდემთან ვეღარას გახდა (0:7) და ჯერ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, შემდეგ კი ბრინჯაოს შანსიც დაკარგა, მას შემდეგ, რაც ილდემმა ნახევარფინალში წაიფორხილა.

 

ნადარეიშვილის მსგავსად, იაკობ ქაჯაიამაც ორი შეხვედრა ჩაატარა რიგის ხალიჩაზე. ხორვატ სტეპან ლავრიჩთან მოპოვებული გამარჯვების (5:0) შემდეგ, შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, შვედ იოჰან მაგნუს ეურენთან ფრედ დასრულებული (1:1) ბრძოლის შემდეგ.

 

ევროპირველობა კი 13 მარტს დასრულდება, ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 71-75-80-85 კატეგორიის წარმომადგენლები გამოვლენ. საქართველოს სახელით კი: მინდია წულუკიძე (71), ზურაბ დათუნაშვილი (75), ნიკოლოზ კელასოვი (80) და რობერტ კობლიაშვილი (85).

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონატი

რიგა, ლატვია 12 მარტი

 

59 კგ

1. მინიგინ სემიონოვი (რუსეთი) 2. რომან ამოიანი (სომხეთი) 3. დმიტრო ციმბალიუკი (უკრაინა) და დონიომ ისლამოვი (მოლდოვა)

 

66 კგ

1. ისლამბეკ ალბიევი (რუსეთი) 2. დავორ სტეფანეკი (სერბეთი) 3. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო) და კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)

 

98 კგ

1. ნიკიტა მელნიკოვი (რუსეთი) 2. არტურ ალექსანიანი (სომხეთი) 3. ალექსანდრ ხრაბოვიჩი (ბელარუსი) და ჩენკ ილდემი (თურქეთი)

 

130 კგ

1. რიზა კაიალპი (თურქეთი) 2. ოლექსანდრ ჩერნიცკი (უკრაინა) 3. იოსებ ჩუგოშვილი (ბელარუსი) და მაგნუს ეურენი (შვედეთი)