საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სეოკმა წლის სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დააჯილდოვა
04:36 | December 30 2015

ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. 30 დეკემბერს სეოკ-ის ოფისში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაურეატს საზეიმო ვითარებაში გადასცა შესაბამისი დიპლომი, ფულადი ჯილდო და სხვადასხვა საჩუქრები, ასევე რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის მოწმობა. ასეთივე მოწმობა და საჩუქრები გადაეცა კიდევ ერთ ლიცენზიანტს, თავისუფალი სტილის მოჭიდავეს, პირველი ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორს ელიზბარ ოდიკაძეს.

„წლევანდელი წელი წარმატებული იყო ჩვენი სპორტისთვის, აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, თავისუფალ ჭიდაობაში ათი წელი არ გვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი. ხინჩეგაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავა ლას ვეგასში და ყველანი გაგვახარა. იმედი გვაქვს, რომ ლადოც და ჩვენი სხვა ლიცენზიანტებიც მაქსიმალურად მომზადებულნი შეხვდებიან მომავალ ოლიმპიადას. ასევე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონის ლაშა ტალახაძის წარმატება ძალოსანთა ჩემპიონატზე. ლაშა ორი წელი ვერ გამოდიოდა შეჯიბრებებზე და ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ეს შედეგი. ჩვენ წლეულს ღირსეულად ვუმასპინძლეთ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, კარგი შედეგები გვქონდა პირველ ევროპულ თამაშებზე, მთავარი ამბავი კი გაისად გველოდება ბრაზილიაში უკეთესი შედეგები უნდა ვაჩვენოთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე."

სპორტული წლის ლაურეატს ჩემპიონობა და აღიარება მიულოცეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა ნონო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელმა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში გურამ საღარაძე, რომელსაც ასევე გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.

 

http://geonoc.org.ge/