საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მწარედ მახსოვდა და ვერ ვივიწყებდი - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან
01:25 | September 20 2015

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) ჯერჯერობით კარიერის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია - წინა კვირას ლას ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გორელი ფალავანი თანდათან იმკვიდრებს კუთვნილ ადგილს თავის წონაში - ახლო წარსულში ის ერთდროულად გამოდიოდა ორ-ორ ნაკრებში - ჯერ ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში, მერე - ახალგაზრდებსა და უფროსებში. თან ყოველთვის წარმატებით იბრძოდა და უკლებლივ ყველაფერი მოიგო.

ასაკობრივებში ხშირად ორივე ნაკრებში თითქმის 100%-იანი შედეგით ამთავრებდა სეზონს და თავისი ტალანტით ბრწყინავდა, თუმცა ეროვნულში გადმოსვლის შემდეგ ცოტა გაუჭირდა. არა, შედეგი ყოველთვის ჰქონდა და მუდამ ფავორიტებში ასახელებდნენ, მაგრამ გაუჭირდა მწვერვალზე დამკვიდრება იმის მიუხედავად, რომ 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის ფინალშიც იჭიდავა.

საინტერესოა, რომ იმ დროს უფროსებში ტიტული არ ჰქონდა მოპოვებული, ევროპის ჩემპიონიც არ იყო. არადა, ევროპის ფინალი კი ჰქონდა ნაჭიდავები.

როგორც ეტყობა, წონის ლიდერობისთვის გამართულ ცხარე ბრძოლაში მან იპოვა საკუთარი ადგილი და თანდათან ყალიბდება გამოკვეთილ ფავორიტად - შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა და გავიდა მსოფლიოს ფინალში, სადაც დასანანად წააგო. წლეულს ევროპულ თამაშებზეც ფავორიტი იყო და კარგადაც ჩაება ტურნირში, მაგრამ ბელარუს მეტოქეს ჩხუბში ტოლი არ დაუდო (პირიქით - ლამის დაანოკაუტა) და შეჯიბრებიდან მოხსნეს.

 

ამ უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, სეზონი ზემაჟორულ ნოტაზე - მსოფლიოს ჩემპიონობით დაასრულა. თუმცა ტიტული ერთია და მან გააზრებული, დალაგებული, ჭკვიანური ჭიდაობით მოგვხიბლა, რაც სამომავლოდაც დიდ იმედს გვიტოვებს

 

როგორც გითხარით, ის ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ლას ვეგასში კი მართლაც ძლიერ ფალავნებს მოუგო - უხერხულ კონკურენტს ყაზახეთიდან არტაშ სანაას, მონღოლ ბეკბაიარ ერდენებატს ასევე მეორედ შეხვდა მსოფლიოს ნახევარფინალში, ფინალში კი ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან რაჰიმი ბოლო წამებზე სასწაულებრივად დაამარცხა, ვინც ზედიზედ სამი წელიწადია, მსოფლიოს პირველობებზე კვარცხლბეკიდან არ ჩამოსულა.

ხინჩეგაშვილი უკვე დაბრუნდა საქართველოში. მას მშობლიურ გორში შევეხმიანეთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვესაუბრეთ.

- რას იტყვით, როგორი შეგრძნებაა ჩემპიონობა, ბევრად განსხვავდება ვიცე-ჩემპიონობისგან?
- ცხადია, ძალიან ბედნიერი ვარ. კარგად იცით, ამდენი ხანი მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაკლდებოდა და როგორც იქნა, ოქროც მოვიპოვე. ჩემპიონობა ვიცე-ჩემპიონობისგან ბევრად განსხვავებული შეგრძნებაა. მსოფლიოზე შარშან წაგებული ფინალი მწარედ მახსოვდა და ვერ ვივიწყებდი, თუმცა ამ გამარჯვებამ ყველაფერი გადაწონა.

ისიც გასაგებია, რომ ლას ვეგასში წასვლამდე მხოლოდ უმაღლეს შედეგს ვგეგმავდი, სხვას არც განვიხილავდი, მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი.

- ალბათ, ბაქოში, ევროპულ თამაშებზე მომხდარი ინციდენტი ახლა რეაბილიტაციისთვის დამატებით სტიმულს გაძლევდათ.
- სიმართლე გითხრათ, არანაირ მნიშვნელობას არ ვაქცევდი. რაც მოხდა, იმას არაფერი ეშველებოდა და არც ვფიქრობდი მასზე. ბუნებრივია, იმ დროს ძალიან განვიცადე, მაგრამ ასეთი ღრმა გრძნობა და დიდხანს გაყოლა არ მქონია.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენად ამომწურავად შეასრულეთ დასახული მიზნები, მწვრთნელები და პირადად თქვენ ბოლომდე კმაყოფილი დარჩით ამ გამოსვლით თუ დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც დაგრჩათ?
- მთავარია, რომ უმაღლეს შედეგს მივაღწიეთ, ოქრო მოვიპოვეთ და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოიგე. მე რაც მინდოდა, შევძელი, რითაც კმაყოფილი ვართ მეც და მწვრთნელებიც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შევძელით.

- მეტოქეებიდან თუ იყო რომელიმე, ვისი მოხვედრაც არ გინდოდათ თქვენს მხარეს?
- როცა აწონვაზე მიდიხარ და წილისყრაზე ფიქრობ, ცხადია, გირჩევნია, რაც შეიძლება, იოლი ბადე შეგხვდეს. არც ერთ სპორტსმენს არ უნდა ძლიერთან შეხვედრა და ძნელი ბადე გაიაროს. ანალოგიურად, მეც მირჩევნია, სუსტი წილისყრა მქონდეს და ფინალამდე ძლიერს არ შევხვდე, ვიდრე პირველივეში მომიწიოს ფავორიტთან ჭიდაობა. მეტოქეებიდან თავიდანვე ირანელს გამოვარჩევდი, ის მიმაჩნდა ყველაზე ძლიერად და მართლაც გავიდა ფინალში.

- საკმაოდაც გაგიჭირდათ მასთან შეხვედრაში, 3 ქულითაც კი ჩამორჩით.
- ყველაფრისთვის მზად ვიყავი. როცა ფინალში ჭიდაობა და თან ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც ჰასან რაჰიმია, ყველაფერს უნდა ელოდო და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

- აკი იბრძოლეთ კიდეც და იმედიც არ დაკარგეთ ბოლომდე, 13 წამით ადრე მოიპოვეთ ბოლო ქულა. ბევრი მაგ დროს უკვე დაყრიდა ფარ-ხმალს.
- მაგ ეტაპამდე არაერთხელ მივედი და უფრო შორს მინდოდა წასვლა. კარგად იცით, რამდენჯერ გავედი ფინალში და წავაგე. ამიტომ მხოლოდ ფინალში გასვლა ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი, მეტი მინდოდა. მივაღწიე კიდეც.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მოუგეთ ირანელს?
- ალბათ, უფრო მეტი ჟინი და სურვილი მქონდა, თორემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მომზადებულია, ფინალში ყველა მაღალი დონისაა და ელემენტარული, პატარა კომპონენტები წყვეტს ყველაფერს.

- გულახდილად გვითხარით, მეორე ნახევარფინალური წყვილიდან ვინ გერჩივნათ ფინალში - ეს ირანელი თუ რუსი ვიქტორ ლებედევი?
- გულახდილად გეტყვით, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გავიდოდა. საერთოდ არ მიყურებია მაგ შეხვედრისთვის. მერე მითხრეს, ვინ გავიდა ფინალში.

- ფინალამდელი მეტოქეებიდან ვის გამოარჩევთ?
- მონღოლი ბეკბაიარ ერდენებატი ძალიან ძლიერია, აზიის მოქმედი ჩემპიონია. შეიძლება, იოლად მოვუგე, მაგრამ ძალიან ძლიერია. თუმცა ფინალამდე ყველაზე მეტად ყაზახ არტაშ სანაასთან გამიჭირდა. არადა, მერე მას მონღოლმა ძალიან იოლად მოუგო. არიან უხერხული სტილის მოჭიდავეები, რომლებსაც ვერ ეწყობი, არიან პირიქითაც, რომლებსაც იოლად ეწყობი. ეტყობა, ყაზახიც იმ ტიპისაა, რომლებთანაც ცოტა მიჭირს ჭიდაობა. ამიტომ მასთან დაძაბული შეხვედრა მქონდა, სხვებთან იოლად მოვიგე, არ გამჭირვებია.

- ციმბირელები მოგიმრავლდნენ ძლიერ კონკურენტებად - ეს სანაა, ბელარუსი ულადისლაუ ანდრეეუ, რუსები - ვიქტორ ლებედევი და ოპან სატი... ყველა ანგარიშგასაწევია.
- ისინი ცოტა სხვანაირი მოჭიდავეები არიან, უხერხულები. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ეშმაკურად ჭიდაობენ, არც შენ გაჭიდავებენ და თან სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ მიზნის მისაღწევად. ამიტომ ძნელია მათთან ჭიდაობა.

- თუმცა ამჯერად გეტყობოდათ, რომ ადრინდელზე უფრო კარგად იყავით მომზადებული, ისე ჭკვიანურად მოქმედებდით.
- უკვე პატარა აღარა ვარ და მზად ვიყავი ყველაფრისთვის, რაც შედეგზეც აისახა. ყველაფერი უფლის ნებაა. გამოცდილებაც დიდი მქონდა და, ალბათ, დასკვნებიც სწორად გამოვიტანე.

- ახლა წინ ოლიმპიადაა, რასაც საგანგებო მომზადება სჭირდება. ალბათ, გეგმა ჯერ არ გექნებათ ჩამოყალიბებული, მაგრამ ის თუა ცნობილი, უახლოეს პერიოდში რომელ შეჯიბრებებში გამოხვალთ, რაზე გააკეთებთ აქცენტს?
- ოლიმპიადამდე მოსამზადებლად საკმარისი დროა. ჯერ დავისვენებ - დაახლოებით 10 დღე, მერე კი ნელ-ნელა დავიწყებ ვარჯიშს. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცი, რომ მოსკოვში გამოვალ "ევროპის თასზე", სხვა ტურნირები კი, არა მგონია, მე ვიჭიდავო, გუნდი კი გამოვა მათში.

- წონის პრობლემაც გაწუხებთ?
- რა თქმა უნდა, მაწუხებს - 57-ში 8 კილოგრამს ვიკლებ. ამიტომ საერთაშორისო ტურნირებში 61 კილოგრამში ვიჭიდავებ, 57-ში მხოლოდ ოფიაციალურ შეჯიბრებებში გამოვალ. ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არაა. პატარ-პატარა ტრავმები ყოველთვისაა, მაგრამ საშიში არაფერია.

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორი  :  ირაკლი თავაძე