საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა
10:48 | September 17 2015

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, 17 სექტემბერს ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) მსოფლიოს ჩემპიონატიდან წარმატებულად დაბრუნებული საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების და მსოფლიოს ჩემპიონის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სადღესასწაულო მიღება გაიმართა. სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და მოჭიდავეებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ -  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - მანუჩარ კვირკველია, დეპუტატი ლუკა კურტანიძე, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სამინისტროს და ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ჩემპიონები და მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატების აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოეწყო ფოტო და ვიდეო-გამოფენა, წარმოდგენილი იყო მოჭიდავეთა მიერ 2015 წელს მოპოვებული თასები და მედლები.

 

ამერიკაში, ქალაქ ლას ვეგასში 7-12 სექტემბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ხინჩეგაშვილმა ჯამში 5 შეხვედრა მოიგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი ირანის წარმომადგენელი, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჰასან რაჰიმი დაძაბულ შეხვედრაში, ბოლო წამებზე 5:4 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალთან ერთად, 24 წლის ხინჩეგაშვილმა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც აიღო. ლას ვეგასში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მოჭიდავეებმა ასევე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს პრიზიორები გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) გახდნენ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი ლაშა გობაძე (80 კგ).

ჯამში, საქართველოს დელეგაციამ მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშების 4 ლიცენზია (ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე) მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 44 ქულით გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
 

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი 2005 წლის შემდეგ აღარ გვყოლია, როდესაც საუკეთესოს ტიტული რევაზ მინდორაშვილმა მოიპოვა.

რევაზ მინდორაშვილი დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მთლიანად, ჭიდაობაში კი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოს 2007 წელს გვყავდა, როდესაც ოქროს მედლები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ნოზაძემ და დავით ბედინაძემ  მოიპოვეს.

ჯამში, 2015 წელს საქართველოს მოჭდავეთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვეს 13 ოქროს, 8 ვერცხლისა და 22 ბრინჯას მედალი, სულ 43 მედალი.

 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დოსიე  

დაიბადა 1991 წლის 18 აპრილს ქალაქ გორში.
პირველი მწვრთნელი არკადი ხინჩეგაშვილი, მწვრთნელი ნუგზარ სხირელი.

მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2014).
ევროპის ჩემპიონი (2014) და ბრინჯაოს პრიზიორი (2013).
ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2012).

ევროპის და მსოფლიოს 2-2 გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში (2011,2010,2008). ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი ჭაბუკებში (2008, 2007)