საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მოჭიდავეები მსოფლიოს ჩემპიონთან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ
05:48 | September 15 2015

15 სექტემბერს გამთენიას საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები ამერიკის ქალაქ ლას ვეგასში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან თბილისში ჩამოფრინდნენ.

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ ვლდიმერ ხინჩეგაშვილს და ბრინჯაოს პრიზიორებს - გენო პეტრიაშვილს, სანდრო ამინაშვილსა და ლაშა გობაძეს, ასევე დელეგაციის წევრებსა და მწვრთნელებს აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მეტოქე დაამარცხა, ფინალურ დაპისირპირებაში კი ირანელ მოჭიდავეს ჰასან რაჰიმის ბოლო წამებზე 5:4 აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ხინჩეგაშვილის წარმატებამდე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოს რევაზ მინდორაშვილი 2005 წელს გახდა. რევაზ მინდორაშვილი დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 2007 წელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რამაზ ნოზაძემ და დავით ბედინაძემ მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ლას ვეგასის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებთან ერთად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების 4 ლიცენზია მოიპოვეს.

სამინისტროს პრესსამსახური