საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გორი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს
01:03 | September 12 2015

მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს, 12 სექტემბერს დასრულდება ხალიჩაზე თავისუფალთა დარჩენილი 57-70-74-125 წონის ფალავნები იასპარეზებენ, ოთხივე ფალავანი გორის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები არიან:  ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

 

ოლიმპიური და მსოფლიოს ვერცხლის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) საკვალიფიკაციოში ისვენებს, 1/16-ფინალში კი იტალიელ სალვატორე მანინოს ხვდება. ამ წყვილის გამარჯვებულს ბულგარელ გიორგი ვანგელოვსა და ჩინელ ლიან ლის შორის მოგებული შეხვდება. ჩვენებურს წილისყრაში ნამდვილად გაუმართლა, რადგან ტიტულოვანი ფალავნებიდან მის მხარეს არავინაა, გერმანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მარსელ ევალდს თუ არ მივიჩნევთ, ძლიერი საჭიდაო ქვეყნებიდან კი უტიტულო აზერბაიჯანელი მაჰირ ამირასლანოვია. თან ჩვენებური ამათაც ნახევარფინალამდე არ ხვდება. მეტიც - გერმანელი და აზერბაიჯანელი პირველ წრეში ერთმანეთში ჭიდაობენ. ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ რუსი ვიქტორ ლებედევი, თურქი სეზარ აკგული, ირანელი ჰასან რაჰიმი, ამერიკელი ანტონი ჯოსეფი. წონის სხვა ლიდერები.

 

ხინჩეგაშვილისგან განსხვავებით, გამართლებას ვერ ვუწოდებთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილის (125) წილისყრას - მეორე წრეში უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალან ზასეევი ელოდება; გორელი პირველ წრეში კანადელ კორეი იარვიკს ხვდება, ზასეევის გარდა კი მის ბადეს ვერ დავემდურებით - თურქი ტაჰა აკგული, რუსი ბილიალ მახოვი, ბელარუსი ალექსეი შემაროვი, ირანელი პავრიზ ჰადი, და სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე ბადის მეორე მხარეს არიან. ზასეევი პირველ წრეში ამერიკელ ზახერი უილიამ რეის ეჭიდავება, პეტრიაშვილს კი მეორე წრის გავლის შემთხვევაში უნგრელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დანიელ ლიგეტიც ელოდება, ნახევარფინალში გასვლი შემთხვევაში კი სავარაუდო მეტოქე აზერბაიჯანელი ჯამალუდინ მაგომედოვი იქნება.

 

ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74) ჩემპიონატში საკვალიფიკაციოდანვე ჩაერთვება ბულგარელ გეორგი ივანოვთან შეხვედრით. მის ჯგუფშია რუსთა ყაბარდოელი სამგზის ევროპის ჩემპიონი ანუარ გედუევი - ჩვენებური სწორედ მასთან დამარცხდა ბაქოში, ევროთამაშებზე. ამ მხარეს წონის სხვა ლიდერებიც მოხვდნენ: აზერბაიჯანელი ჯაბრაილ ჰასანოვი, უზბეკი რაშიდ ყურბანოვი, ბელარუსი ალი შაბანაუ და ირანელი ალირეზა გასემი და მასპინძელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი.

 

70 კილოგრამში საკვალიფიკაციოში მხოლოდ დავით ტლაშაძე და ეგვიპტელი აიად იბრაჰიმ ხალკილ იბრაჰი იჭიდავებენ, მომდევნო წრეში გასული კი ავსტრალიელ მუსტაფა რეზაიფარის შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება


პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია ოთხივე ხალიჩაზე https://unitedworldwrestling.org/event/world-championship-senior-1