საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ლომთაძემ, ამინაშვილმა და ოდიკაძემ მეტოქეები შეიტყვეს
12:12 | September 11 2015

ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ საღამოს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეების  65 კგ-ის წარმომადგენლები ჩაებნენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ავთანდილ კენჭაძე გავიდა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყირგიზ ულუკმან მამადოვს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ მეტოქის ტრავმის გამო უბრძოლველად გავიდა მეთექვსმეტედფინალში. იქ ვიეტნამელ ხუან დინ ნგუიენს 10:0 აჯობა. მერვედფინალში კი ოლიმპიურ ჩემპიონ აზერბაიჯანელ ტოგრულ ასკაროვთან 2:9 დამარცხდა. ისღა დარჩენოდა, აზერბაიჯანელის ფინალში გასვლას დალოდებოდა, მაგრამ ასგაროვი მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიომ იტალიელ ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა და კენჭაძეს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.

 

დღეს მსოფლიო კონკურენციაში 61, 86 და 97 კილოგრამებში მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელით კი ბექა ლომთაძე (61 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.

 

ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორი ბექა ლომთაძე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ფილიპინელ ეპტისონთან შეხვედრით, ჩვენებურის ბადის მხარეს არიან რუსი ალექსანდრ ბოგომოევი და ირანელი ბეჰნან ეჰსანპი თუმცა ნახევარფინალამდე მათი გზები არ იკვეთება.

 

ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი ამერიკელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ იაკობ ჰერბერტთან შეხვედრით დაიწყებს, მომდევნო წრეში მისი მეტოქე რუსეთიდა თურქეთში გადაბარგებული მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში ინგუში კოლოი კორტოევი იქნება ამჯერად იაშარ სელიმის სახელით მოასპარეზე, ჩვენებურიდ ბადის მხარეს არიან აზერბაიჯანელი მაგომედგაჯი ხატიევი და შარშანდელი მსოფლიოს ფინალისტი კუბელი სალას პერესი, ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ რუს ტანკად წოდებული დაღესტნელი აბდულრაში სადულაევი, ირანელი ალირეზა მოჰამადიანი, სომეხი მუსა მურთაზალიევი, უკრაინელი იბგრაგიმ ალდატოვი.

 

ევროპის თამაშების ვერცხლის მფლობელი ელიზბარ ოდიკაძე პირველ წრეში ისვენებს და 1/16 ფინალიდან ჩაერთვება არგენტინელ ალეხეი ჰორაჩისთან შეხვედრით. მომდევნო წრეში ალბანელ შალას და კანადელ გილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხედფინალში ელიზბარის სავარაუდო მეტოქე სომეხი ედგარ ენოკიანი იქნება, ნახევარფინალში კი ჩვენებურის მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონებს რუს აბდუსალამ გადისოვს და აზერბაიჯანელ ხეთაგ გაზიუმოვს შორის გამარჯვებული იქნება.

 

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი https://unitedworldwrestling.org/event/world-championship-senior-1

 

თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიოს ჩემპიონატი ლას ვეგასი, 10 სექტემბერი

 

65 კგ

1 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

2 იხტიორ ნავრუზოვი (უზბეკეთი)

3 სეიედაჰმედ მუჰამედიპანეკოლაეი (ირანი)

3 სოსლან რამონოვი (რუსეთი)

5. ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)

5. მანდახნარან გაზორიგი (მონღოლეთი)